საია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს
მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს
წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან ორგანიზაციის
ცნობით, ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ მზია
ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით
და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა.
"უკანონო პატიმრობაში მყოფი, “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“
დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. მზია
ამაღლობელმა, საიას თავმჯდომარესთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისი
შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ
ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.
საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს
იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და
პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია,
სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის
სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს",- აღნიშნულია
ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, საია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს,
საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ
დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება
ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას პოლიციელზე
თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა
შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები