მომავალში სავარაუდოა ფასების უფრო სწრაფი ზრდა - ამ დასკვნას აკეთებს
კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ სამომხმარებლო კალათაში შემავალი
საქონლის ფასების ცვლილებით, კერძოდ, ზრდით, ხდება ინფლაციის
შეფასება.
ინფლაციის მძიმე შედეგები კი უფრო ღარიიბ ადამიანების ჯიბეზე
აისახება, ვიდრე მდიდრების. ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა
შემოსავლების თვითნებურ განაწილებას იწვევს, რაც მიმართულია
ღარიბებიდან მდიდრებისკენ და ხელს უწყობს უთანასწორობის
გაღრმავებას, აღნიშნიულია
Gnomon
Wise-ს კვლევაში.
საქართველოში გასულ წელს სამომხმარებლო ფასების ზრდა საშუალოდ 1.1%
იყო, ხოლო წლის დასაწყისში უფრო დაბალ ნიშნულს იკავებდა. 2024 წლის
პირველ კვარტალში ინფლაციის დონე საშუალოდ 0.3% იყო, რაც წლის ბოლო
კვარტალში საშუალოდ 1.1%-მდე აჩქარდა. გასული წლის დეკემბერში, წინა
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების დონე
1.9%-ით გაიზარდა.
" წლის ბოლოს ინფლაციის აჩქარება წინა პერიოდში გატარებული
ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მომავალში უფრო
მაღალი ინფლაციის მოლოდინის საფუძველს ქმნის. ექსპანსიური მიდგომა
მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა, რაც ინფლაციის მიზეზია".
სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდაში მაღალი კონტრიბუციით
გამოირჩეოდა სურსათი, რომლის წონა ფასების ინდექსში 30.4%-ია.
სურსათზე ფასების დონე წლის დასაწყისში მცირდებოდა, მაგრამ წლის
მიწურულს იზრდებოდა. 2024 წლის დეკემბერში სურსათის სასაქონლო ჯგუფში
ფასების ზრდა 3.3%-ს აღწევდა, რაც ნოემბერში 2.7%-ს შეადგენდა.
ყველაზე დიდი წონის მქონე სასაქონლო ჯგუფში - სურსათში - ფასების დონე
წლის დასაწყისში მცირდებოდა, ხოლო წლის ბოლოს სწრაფად იზრდებოდა. ეს
განსაკუთრებით აისახება დაბალშემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობაზე,
რადგან მათ მოხმარებაში სურსათს უფრო დიდი წილი უჭირავს.
მომავალში სავარაუდოა ფასების საერთო დონის უფრო სწრაფი ზრდა. ეს
მოლოდინი გატარებულ პოლიტიკასა და გასული წლის მიწურულს ინფლაციის
ტემპის აჩქარებას ეფუძნება, ასკვნიან კვლევის ავტორები.
მასალის გამოყენების პირობები