ახალი ამბები
"აუცილებლად გავასაჩივრებთ"- ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიშიკო მუმლაძე 2500 ლარით დააჯარიმა
FaceBook

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე 2 500 ლარით დააჯარიმა.



გადაწყვეტილება მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ მიიღო, რომელიც აღნიშნულ საქმეს განიხილავდა.

საუბარია გასული წლის 28 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ პროევროპულ აქციაზე, რა დროსაც მიშიკო მუმლაძე ძალის გამოყენებით დააკავეს.

მისი ადვოკატის ვალერი თევდორაძის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ, ამიტომ მათთვის გაურკვეველია, კონკრეტულად რისთვის დააჯარიმეს აქტივისტი: ე.წ. ზებრაზე გადასვლისთვის, თუ პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ადვოკატის თქმით, აქციის მიმდინარეობის ამსახველ არც ერთ ვიდეოში არ დასტურდება.

"თუ ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისთვის გამოიტანა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, კადრებში ნათლად ჩანს, რომ როცა მას პოლიციელი ეუბნება, არ გადავიდეს, მიხეილ მუმლაძე ტრიალდება უკან. სიტყვიერი შეურაცხყოფა კი არც ერთ ვიდეოში არ დასტურდება. დასტურდება ის, რომ მიხეილ მუმლაძე მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ყველანაირი შეურაცხყოფის მიყენებისა და კანონდარღვევის გარეშე“,- განმატავს ვალერი თევდორაძე.

ადვოკატის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„სასამართლოზე მათ მოიყვანეს სამი პოლიციელი, სამივე ცალ-ცალკე ამტკიცებდა, რომ მიხეილ მუმლაძე მათ აგინებდა და შემდეგ თითოეულმა მათგანმა განახორციელა ცალ-ცალკე მისი დაკავება. ბუნებრივია ეს იმთავითვე შეუსაბამო იყო შინაარსთან, რომ ერთ კაცს სამჯერ ვერ დააკავებდნენ ერთ აქციაზე, მაგრამ უფრო შეუსაბამობაში გამოჩნდა, როცა ჩვენ ვიდეომტკიცებულებები წარვადგინეთ, სადაც ჩანს, რომ მუმლაძეს არავისთვის მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისი დაკავება მოხდა არა ამ სამი პოლიციელის მიერ, არამედ იქ მყოფი ხელმძღვანელის უშუალო გადაწყვეტილებით და ჩარევით.

ამ ვიდეომტკიცებულებების წარდგენის შემდგომ შსს-მ სხდომაზე განაცხადა, რომ მუმლაძე აქტიურად გადადიოდა ქვეითთა გადასასვლელზე თვითნებურად. ჩვენი მითითება იმის თაობაზე, რომ ზოგადად, ყველა ქვეითთა გადასასვლელზე თვითნებურად გადავდივართ და არა ვინმეს მითითების შესაბამისად, მათთვის აღმოჩნდა არარელევანტური. ამიტომ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ“, - ამბობს  ვალერი თევდორაძე.

მიშიკო მუმლაძე პოლიციამ 28 ნოემბრის ღამეს, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავა. დაკავების დროს, მუმლაძე პოლიციელებმა ასფალტზე დააგდეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მის დაკავებას. შემდეგ აქტივისტი პოლიციის სამტრედიის განყოფილებაში გადაიყვანეს. უწყება მუმლაძეს 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

2024 წლის 28 ნოემბრის ღამეს, "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისთან, აქტივისტები, სპონტანურად, მას შედეგ შეიკრიბნენ, რაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. კობახიძის ამ განცხადებას პროტესტი მოჰყვა დედაქალაქშიც. ათიათასობით მოქალაქე რუსთაველზე შეიკრიბა და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა გააპროტესტა.

"ქართულმა ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად რობოკოპები გამოიყვანა, რომლებიც აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აქციაზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი, რომელსაც აქციის მონაწილეების თქმით, სპეცრაზმელები დამიზნებით ასხამდნენ სახეში. აქციაზე დაშავდა ათობით მოქალაქე, ჟურნალისტი და ოპერატორი. ხელისუფლებას დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუსჯია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს
შესახებ რეზოლუცია მიიღო.
12:25 / 30.01.2025
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ევროპის მეხუთე სახელმწიფო
11:36 / 30.01.2025
ევროპის მეხუთე სახელმწიფო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.