ახალი ამბები
ჭიათურელი მაღაროელები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ
FaceBook
უკვე მესამედ, ჭიათურელ მაღაროელებს "ჯორჯიან მანგანეზი" ხელფასს უგვიანებს.

გასული წლის პირველი ნოემბრიდან, როცა მაღაროები გაჩერდა, უმუშევრად დარჩენილ მშრომელებს ხელფასის 60% ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა დარიცხოდათ, თუმცა, კომპანია მესამე თვეა ამ ვადებს არ იცავს. მაღაროელები ამბობენ, რომ საწარმოების გაჩერების გამო, უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

"15-დან ველოდებით ხელფასის დარიცხვას. არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია კომპანიისგან. როცა მაღაროები გააჩერეს, ეს იყო ჩვენთვის მოულოდნელი, არ ვიცოდით რა უნდა გვექნა ამ 60% -ით, ბანკები გადაგვეხადა თუ ოჯახები გვერჩინა. ნდობა აქვს ადამიანებს დაკარგული კომპანიის მიმართ. ვართ მოლოდინის რეჟიმში. ამის შემდეგ მოგვიწევს უფრო მკაცრი საუბარი, რადგან არ ვიმსახურებდით ასე უპატივცემულოდ მოქცევას", - ამბობს "ჭიათურის მშრომელთა კავშირის" წარმომადგენელი და მაღაროში დასაქმებული მერაბ სარალიძე.

მაღაროელები ამბობენ, რომ დამსაქმებელთან კომუნიკაციას აღარ ცდილობენ, რადგან საწარმოების გაჩერების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელი პირები ადგილზე აღარ იმყოფებიან. ამიტომ, მშრომელები ახლა აპირებენ "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებას მიაღწიონ, რისთვისაც პირველ ეტაპზე, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

"კომპანიის ხელმძღვანელი პირებიდან ადგილზე არავინაა დარჩენილი, ბუღალტრები და ისეთი თანამშრომლები ჰყავთ, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამიტომ, ვითხოვთ ქალაქის მერთან შეხვედრას, რომელმაც უნდა გვიშუამდგომლოს გუბერნატორთან და ასე საფეხურებრივად მივყვეთ ამ პროცესს, რომ მივიდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებამდე", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

"ჭიათურის მშრომელთა კავშირის" წევრები ამბობენ, რომ მაღაროების გაჩერება ჭიათურის მცხოვრებლებზე უკვე აისახა. ოჯახებს დაუგროვდათ კომუნალური გადასახდელები და ბანკის ვალები, რომელთა გასტუმრებასაც ვერ ახერხებენ. მშრომელები შიშობენ, რომ შესაძლოა საწარმოები დათქმულ ვადაშიც არ გაიხსნას, რაც ქალაქის მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს, რადგან მაღაროები ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ჩვენ შევეცადეთ მადნის მომპოვებელი კომპანიისგან პასუხების მიღებას, თუმცა, მათ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს. სატელეფონო ზარს არ პასუხობენ არც ჭიათურის მერიაში.

2024 წლის პირველი ნოემბრიდან, ჭიათურის მაღაროებში საწარმოო პროცესი შეჩერდა. "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელიც ახლა "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოებს მართავს, მთავარ მიზეზად სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი დაასახელა, რომლებსაც სოფლის ქვეშ მანგანუმის მოპოვების გამო, სახლები დაენგრათ და სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით, მაღაროები აქვთ პიკეტირებული. მაშინ, კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე მადნის ფასი შემცირდა და მაღაროების მუშაობა არარენტაბელური იყო. "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" პრობლემების აღმოფხვრას გაზაფხულისთვის ვარაუდობს, მანამდე კი თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის შენარჩუნებას ჰპირდება, რომლის დარიცხვის ვადასაც გამუდმებით არღვევს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე
მასშტაბურ აქციას გამართავენ.
10:07 / 16.04.2025
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე მასშტაბურ აქციას გამართავენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
13:45 / 15.04.2025

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი სიხშირით) განაახლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.