მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები
2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს, 4 ოქტომბერს ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ავრცელებს.
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს ახსენებს.
"საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების
მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა
მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს:
ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;
ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს
პარლამენტში;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის
ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.
პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას,
განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში.
პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60
დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში
პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის
სია",- აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.
2025 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგივე წესით
ჩატარდება, როგორითაც 2017 წელს ჩატარდა.
ამ ფორმატის მიხედვით, თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება
პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და შესაბამის
ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან, სოფლიდან, დაბიდან,
ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში,
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.
მმართველი პარტიის დეპუტატ გივი მიქანაძის განცხადებით, თვითმმართველი
თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე
მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, იქნება 2 მაჟორიტარი, სადაც 10
000-ზე მეტია და 20 000-ზე ნაკლები, იქნება 3 მაჟორიტარი, სადაც 20
000-ზე მეტია და 35 000-ზე ნაკლებია, იქნება 4 მაჟორიტარი და სადაც 35
000-ზე მეტია, იქნება 5 მაჟორიტარი. ეს წესი არ ვრცელდება ერთადერთი
ქალაქ თბილისზე.
მასალის გამოყენების პირობები