„არ შეიძლება ადამიანი სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით
ისჯებოდეს“.
აღნიშნავენ იურისტები და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის"
დამფუძნებლისა დირექტორის,მზია ამაღლობელისადმი წარდგენილ ბრალდების
უსაფუძვლობაზე მიუთითებენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის
პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძის განმარტებით სილის გაწვნას არათუ
მცირე მნიშვნელობა ჰქონდა, ის მხოლოდ სიმბოლური რეაქცია იყო
პოლიციელის იმ ქმედებაზე, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი მზიას თუ სხვა
მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან.
"შესაბამისად, შეუძლებელია ეს ქმედება სისხლის სამართლის ისეთ
დანაშაულად განვიხილოთ, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
ბუნდოვანი ტერმინოლოგიით არის დაწერილი და ფართო ინტერპრეტაციების
შესაძლებლობას იძლევა,
იურისტი იმ არგუმენტებზე მიუთითებს, რატომაც არის ეს
ბრალდება უსაფუძვლო.
„ერთ-ერთ ასეთ არგუმენტს თავად სისხლის სამართლის კოდექსივე გვაძლევს:
კოდექსის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური
თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად
მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან
საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად ხომ შეუძლებელია, ერთ
შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი
– სხვას", – განმარტავს გურამ იმნაძე.
იგივეს მიუთითებს იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
„რა არის თავდასხმა? კითხვას სვამს ვაკო ნაცვლიშვილი და თავადვე
პასუხობს.
"თავდასხმა გულისხმობს უეცარ იერიშს, გამოხდომას, თავს დაცემას. ეს
ტერმინი გამოიყენება სპორტშიც, სამხედრო ოპერაციებშიც, მედიცინაშიც,
სამართალშიც.
სისხლის სამართლის კოდექსი თავდასხმას იყენებს სხვადასხვა დანაშაულთან
მიმართებით. ისეთთან, როგორიც არის მაგ. ყაჩაღობა, ბანდიტიზმი,
ტერორიზმი, მეკობრეობა, შეიარაღებული კონფლიქტი, ადამიანთა ჯგუფის
ეთნიკური და რელიგიურ ნიადაგზე დევნა“.
იურისტი აღნიშნავს, რომ ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა ასეთ
პანიკას არ აღძრავს.
"განსაკუთრებით, თუ ეს პოლიციელი კაცია, ინციდენტი ხდება პოლიციასთან
ახლოს, პოლიციელთა თავყრილობის შუაგულში. მზია ამაღლობელს ვერც
ექნებოდა ვერც თავდასხმის განზრახვა, მაგრამ მას უდავოდ ქონდა
პოლიციელის შეურაცხყოფის განზრახვა."
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით,
პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება იწვევს
დაჯარიმებას 2000-3000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე
ვადით.
"ამ მუხლით უნდა დაწყებულიყო საქმე. სხვა დანარჩენი უკანონოა"-
აღნიშნავს იურისტი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო
შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, ხოლო მეორედ – პოლიციელზე
თავდასხმის ბრალდებით, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის
სილის გაწვნის გამო რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები