ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო
გამაფრთხილებელ გაფიცვას
, ქუთაისშიც შეუერთდებიან.
ქალაქში არსებული რამდენიმე ათეული კომერციული ობიექტი მუშაობას
დროებით, 3 საათის განმავლობაში გააჩერებს. გაფიცული ობიექტების ზუსტი
ჩამონათვალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გაფიცვა მთელი საქართველოს მასშტაბით 15:00 საათზე დაიწყება და მასში
მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ.
გაიფიცებიან: მოლარეები, ოპერატორები, მძღოლები, სტუდენტები,
ხელოსნები, მზარეულები, კურიერები, ფერმერები, არქიტექტორები,
პროფესორები, სტომატოლოგები, ფარმაცევტები, მასწავლებელი,
კონსულტანტები და ა.შ
საყოველთაო გაფიცვით დამსაქმებლები და დასაქმებულები აჩვენებენ, რომ
საერთაშორისო იზოლაციაში ცხოვრება ნიშნავს მეტ სიღარიბეს,
უპერსპექტივობას, ემიგრაციას, მოშლილ ეკონომიკას და დახურულ
ბიზნესებს.
გაფიცვის მონაწილეები ამბობენ, რომ საფრთხეც და გამოსავალიც
ყველასთვის საერთოა: ახალი არჩევნები და დაკავებულების
გათავისუფლება.
საქართველოსა და სხვა ქალაქებში პროევროული აქციები 48-ე დღეა
მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28
ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის
მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები