დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო რეჟიმის კიდევ
რვა პატიმრის საქმეს განიხილავს.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა
პატიმრობაში პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს. 10 იანვრის პროცესის
მსგავსად, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლო აქციებზე დაკავებული
სხვა 11 პირის საქმეზე მსჯელობდა, დღევანდელი განხილვაც პატარა
დარბაზში დაიწყო. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ
პროცესის დიდ დარბაზში გაგრძელებაზე უარი თქვა. რამდენიმე წუთის წინ,
დარბაზში ჰაერის უკმარისობის გამო ერთ-ერთი ბრალდებული, ირაკლი
მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა.
რეჟიმის სასამართლოს განსასჯელის სკამზე არიან: ზვიად
ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, გიორგი გორგაძე, ვასილ კაძელაშვილი, ირაკლი
მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ
ჯავახიშვილი.
დაცვის მხარის პოზიციით, პროკურატურას ბრალდებულების
წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ
საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და რეჟიმს დაკავებულების სამაგალითოდ
დასჯა სურს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 10 იანვარს უკვე
იმსჯელა პროევროპულ აქციებზე დაკავებული კიდევ 11 პირისთვის აღმკვეთი
ღონისძიების შეცვლაზე, თუმცა, მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა
ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე რეჟიმმა 500-მდე
დემონსტრანტი დააკავა. მათგან, 51 პირის მიმართ აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე და ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. პროკურატურა
დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას
ედავება.
მასალის გამოყენების პირობები