მძიმე ინფრასტრუქტურული და სანიტარული მდგომარეობა; დაწესებულების
გადატვირთულობა; დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების
დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირე; დამხმარე
პერსონალის დაბალი ანაზღაურება - ეს ის პრობლემებია, რაც სახალხო
დამცველმა ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტისას დააფიქსირა.
ლევან იოსელიანი შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის
პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში 24 დეკემბერს
იმყოფებოდა.
ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იოსელიანი
გაეცნო დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებრივ
მდგომარეობას, დაათვალიერა კლინიკის ფიზიკური გარემო, პაციენტთა
საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე, სველი წერტილები და ეზო.
გაესაუბრა პაციენტებს, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა
და თანამშრომლებს.
"ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ
გამოწვევას წარმოადგენს, ამდენად, სახალხო დამცველი მომავალშიც
განაგრძობს ფსიქიატრიულ სტაციონარებში განთავსებული პირების უფლებების
დაცვაზე ზედამხედველობას და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს
საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში",- აღნიშნულია სახალხო
დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ომბუდსმენი
თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშიც იმყოფებოდა,
სადაც ასევე პრობლემები დააფიქსირა.
ამავე თემაზე:
"გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა"-
ომბუდსმენი თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრზე
მასალის გამოყენების პირობები