პროტესტის მე-13 დღეს, ქუთაისში, ორი პროევროპული აქცია გაიმართება.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სტუდენტები და სამოქალაქო
აქტივსიტები, ქუთაისის მერიის წინ, 17:00 საათზე შეიკრიბებიან და
ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევასა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას
გააპროტესტებენ.
19:00 საათზე კი, ცენტრალურ მოედანზე, კოლონადებთან, თეთრ ხალათებში
გამოწყობილი მედიკოსები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად
გამოვლენ.
"პროტესტი გრძელდება, გრძელდება გამარჯვებამდე. გელოდებით ყველას,
ვინც ირჩევთ საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის გადარჩენას.
ვინც ადამიანების მიმართ ხართ სოლიდარულები. ვინც დუმილით უფლებას არ
მისცემთ რეჟიმს, რომ მისი რეპრესიული მანქანა მოვიდეს მეტ
ადამიანამდე, მოვიდეს
თქვენამდეც",- ამბობენ მოქალაქეები.
თორმეტი ღამეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დემონსტრაციები
იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28
ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო
არჩევნების ჩატარებასაც. მათ მოთხოვნებს ბოლო დღეებში შეემატა
საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ინფორმაციით, 28
ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში, პროევროპულ აქციებზე დაკავებულია
400-ზე მეტი ადამიანი .
350-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის საფუძველზე, 26 აქტივისტის მიმართ აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე. დაკავებულთა ასაკი 15 წლიდან იწყება.
ნაცემია 300- ზე მეტი მოქალაქე, მათგან ჰოსპიტალიზება დასჭირდა 80-მდე
პირს.
მასალის გამოყენების პირობები