სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული
ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ,
აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
მათ ქუთაისის მერიასთან გალია მიიტანეს, სადაც ზებრას ფორმაში ჩაცმული
ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული.
გალიას ასევე ჰქონდა წარწერა: "რაც გინდათ ის დაუძახეთ".
აქტივისტები ამბობენ, რომ მათ სამართალი აღადგინეს და ბიძინა
ივანიშვილი "დააპატიმრეს".
"მე, როგორც თვითგამოცხადებულმა სამართალდამცავმა, აღვადგინე
სამართალი და დავიჭირე პატიმარი",- განაცხადა აქტივისტმა პაპუნა
გიორგაძემ.
გალიაში ჩასმული ბიძინა ივანიშვილის ფიტული სამართალდამცავებმა
ადგილიდან გაიტანეს.
მეშვიდე დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციები
იმართება. მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების
გამო ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ასევე ითხოვენ ხელახალი
საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
"ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში
არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის
საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო
გრანტებზე.
მასალის გამოყენების პირობები