ახალი ამბები
"ნამახვანჰესის" პროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულმა "ენჯეოებმა" ჩაშალეს" - ირაკლი კობახიძე
FaceBook
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

კობახიძე პროექტის დაბლოკვაზე პასუხისმგებლობას "საიას", "სოციალური სამართლიანობის ცენტრს" და "მწვანე ალტერნატივას" აკისრებს. ამასთანავე, იგი ცვლის თავის რიტორიკას, რომლის მიხედვითაც, სამი წლის წინ, რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი, რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა.

"კონკრეტული ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ "ნამახვანჰესის" მშენებლობის დაბლოკვაში ... შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება - სხვა წყაროები", - აცხადებდა კობახიძე გასული წლის თებერვალში, ე.წ. რუსულ კანონზე საუბრისას. კობახიძე მაშინ ამბობდა, რომ ეს კანონი გამოააშკარავებდა კონკრეტულად ვისგან იღებდა დაფინანსებას მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის". დღეს, ირაკლი კობახიძე უცხოური გრანტებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს, როგორც პროექტის ჩაშლის ავტორებზე.

"პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა, გაიმართა საპროტესტო აქციები; საეჭვო პირები იყვნენ ჩართული ამ აქციებში და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული ენჯეოები: "საია", "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "მწვანე ალტერნატივა". უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი ჩვენს ქვეყანაში და ამის გამო ქვეყანას შეიძლება მოუწიოს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?!" - განაცხადა კობახიძემ და პირობა დადო, რომ ნამახვანჰესი აუცილებლად აშენდება და ეს, ამჯერად უფრო მარტივად მოხდება, რადგან მისი თქმით, სახელმწიფო ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე მაშინ, როცა ხეობაში პროტესტი მიმდინარეობდა.

"სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამიტომ გაბედეს უცხოეთიდან დაფინანსებულმა კონკრეტულმა ორგანიზაციებმა, რომ ჩაეგდოთ ეს სტრატეგიული პროექტი. დღეს ვართ უფრო მეტად ძლიერები, ამიტომ მომავალში ნამახვანი უფრო მარტივად აშენდება", - განაცხადა კობახიძემ.

ნამახვანჰესს, რომელსაც ახლა კობახიძე გამართულ პროექტად მიიჩნევს, მძიმე მემკვიდრეობას უწოდებდა მისი წინამორბედი. ჰესის მშენებლობის შეჩერებამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჰესის პროექტის პირობები მისთვის მისაღები არ იყო.

"მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, 100 წელი და ასე შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს", - აცხადებდა მაშინ ღარიბაშვილი.

კომპანია "ენკასა" და სახელმწიფოს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა ინვესტორის გამარჯვებით დასრულდა. 2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ Enka Renewables-ს სახელმწიფომ 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ინვესტორს უკვე განხორციელებული აქვს 200 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, შესაბამისად, საქართველოს თანხის დაახლოებით მესამედის გადახდა მოუწევს.

რიონის ხეობაში, გიგანტური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას 355 დღის განმავლობაში, უწყვეტად აპროტესტებდნენ. პროტესტიდან ორი წლის თავზე, კომპანია "ენკამ" რიონის ხეობა დატოვა და დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გააგრძელა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.