ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
აქცია მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართება. აქციის
ორგანიზატორები სამოქმედო გეგმას მისი მიმდინარეობის დროს
გააჟღერებენ.
უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს
ქვეყნის მასშტაბით. მოქალაქეები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას
მოითხოვენ თავიანთ ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში. აქციის
მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდება სპეციალური დანიშნულების
რაზმი დედაქალაქში. დემონსტრანტებს სცემენ დაკავების დროს და როგორც
ისინი ჰყვებიან, დაკავების შემდეგაც. ფიზიკურად უსწორდებიან მედიის
წარმომადგენლებს. აქციების დროს დაშავდა და მძიმე დაზიანება მიიღო
ასობით დემონსტრანტმა და ათობით ჟურნალისტ-ოპერატორმა. ერთ-ერთმა
სპეცრაზმმელმა პირდაპირ ეთერში სცემა ტელეკომპანია "ფორმულას"
ჟურნალისტს გურამ როგავას, რის შედეგადაც მან სახისა და ხერხემლის
დაზიანებები მიიღო. გუშინ, 2 დეკემბრის აქციაზე სასტიკად ნაცემი 22
წლის ახალგაზრდა ამ დრომდე ხელოვნურ კომაში იმყოფება.
საქართველოში საპროტესტო ტალღა,
რომელიც ყოველდღიურად უფრო მზარდი ხდება, 28 ნოემბერს, მას შემდეგ
დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ
განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე
აჩერებს.
მასალის გამოყენების პირობები