დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში,
თერჯოლაში, ზესტაფონსა და სამტრედიაში დაიტბორა ქუჩები, საკარმიდამო
ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე
საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.
ამასთან, უხვი ნალექის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში,
სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.
რაც შეეხება თოვლისგან შექმნილ პრობლემებს, მაღალმთიან სოფლებში
მოსული უხვი თოვლის გამო, მოქალაქეებს გადაადგილება შეზღუდული
აქვთ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც
მუნიციპალიტეტებში, ასევე სოფლების მიმართულებით, სპეციალური ტექნიკა
მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ინტენსიური თოვის გამო
კი გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა.
უხვმა ნალექმა და უამინდობამ, იმერეთში გარკვეული პრობლემები
ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც შექმნა. რეგიონში ელექტროენერგია,
ამ ეტაპზე, 70 680 აბონენტს არ მიეწოდება.
როგორც იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურში აცხადებენ, სპეციალური
ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, რათა პრობლემა დროულად
აღმოიფხვრას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი, დღეს, 28
ნოემბერს შენარჩუნდება, 29 ნოემბრიდან კი გამოიდარებს.
ამავე თემაზე:
დატბორილი ქუჩები, სახლები, ეზოები - ძლიერი წვიმის შედეგები
ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები