ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში,
კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრების ორდღიანი
განხილვა დასრულდა.
მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ, არასამთავრობო
ორგანიზაციების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოში საჩივრები
არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ",
"სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-
საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე
კავკასიამ" შეიტანეს. ჯამში, მოსარჩელეებმა 20 საჩივარი
წარადგინეს.
მეორე ინსტანციაში საჩივრების
განხილვა 5 და 6 ნოემბერს გაიმართა. მოსამართლეთა კოლეგიამ
გადაწყვეტილება 6 ნოემბერს, გვიან ღამით გამოაცხადა. სასამართლომ არ
გაიზიარა აპელანტების არცერთი მტკიცებულება, უარი თქვა თეთრიწყაროს
რაიონული სასამართლოს პრაქტიკის გამეორებაზე და არ ჩაატარა ხმის
მიცემის ინსცენირება სხდომათა დარბაზში.
სხდომაზე, მოსარჩელეთა მხარემ შვიდი
შუამდგომლობა დააყენა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ"
მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის, შოთა სირაძის აცილება მოითხოვა
და განმარტა, რომ სირაძე მმართველ პარტიასთან არის დაკავშირებული, რაც
გავლენას მოახდენდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, იგი
იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარი ხობში, მისი შვილი ვაჟა სირაძე კი
თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია. კოლეგიამ
შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სასამართლოს სხდომა უცვლელი
შემადგენლობით ჩატარდა.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი
საჩივრების ძირითადი შინაარსი, უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის
დარღვევას შეეხებოდა. ამ მოტივით, სხდომათა დარბაზში
ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვეს, ისე, როგორც ეს თეთრიწყაროს
სასამართლოში შედგა. ექსპერიმენტის დროს უნდა მომხდარიყო ხმის მიცემის
იმიტაცია, რომლის დროსაც დადგინდებოდა: პირველი - საარჩევნო სუბიექტის
ნომრის გაფერადების შედეგად, რჩება თუ არა მელნის კვალი ბიულეტენის
მეორე მხარეს და მეორე - გაფერადებული ბიულეტენის ხმის მთვლელ
აპარატში მოთავსების მომენტში, არის თუ არა შესაძლებელი იმის დანახვა,
თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. აპელანტი მხარე, ასევე ითხოვდა
არამხოლოდ თეთრიწყაროს სასამართლოს ექსპერიმენტის გამეორებას, არამედ,
ამავე სასამართლოს მიერ, ექსპერიმენტის საფუძველზე მიღებული
გადაწყვეტილების საქმეზე დართვას.
სასამართლომ "საიას" მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და
მტკიცებულებად მიიღო თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის
მიხედვითაც, 30 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის
გამო, შედეგები გაუქმდა. ექსპერიმენტის ჩატარებაზე კი კოლეგიამ უარი
იმ მოტივით თქვა, რომ სასამართლოს უკვე ჰქონდა საჭირო მტკიცებულებები
მსჯელობისთვის. შოთა სირაძემ კი დამატებით განმარტა, რომ
ექსპერიმენტის ჩატარების შემთხვევაში, არსებობდა იმის ალბათობა, რომ
ექსპერიმენტში მონაწილე დაინტერესებული მხარე შეგნებულად, იმგვარად
გააფერადებდა ბიულეტენს, რომ მელნის კვალი ბიულეტენის მეორე მხარეს
გამოჩენილიყო.
სამაგიეროდ, სასამართლომ საქმეს
დაურთო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა,
რომელიც 5 ნოემბერს ცესკომ გამოაქვეყნა და სადაც ნაჩვენებია ხმის
მიცემის ინსტრუქცია. სხდომაზე, ათზე მეტი საოლქო კომისიის
თავმჯდომარემ ერთი და იგივე ვიდეორგოლი, სათითაოდ, ოპტიკურ დისკზე
ჩაწერილი წარმოადგინა და საქმეზე დართვა მოითხოვა.
ამით, ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოში კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრების
განხილვა დასრულდა. შესაბამისად, უცვლელი დარჩა საქალაქო და რაიონული
სასამართლოების გადაწყვეტილებები დასავლეთ საქართველოს
მასშტაბით.
მასალის გამოყენების პირობები