ახალი ამბები
21 მლნ-მდე ლარის და 1.7 მლნ ევროს ღირებულების ტენდერები პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოჰაბის მოსაწყობად
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, სადაც ტექნოლოგიური ჰაბი უნდა მოეწყოს, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციისთვის 21 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი [SPA240001231] სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას" აქვს გამოაცხადებული, სადაც “თბილმა სახლმა“ გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემას, გათბობა, გაგრილება კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების, მათ შორის, ინტერნეტ კომუნიკაციის სისტემებს. ამასთან, აღნიშნულია, რომ შენობის მართვის სისტემა უნდა იყოს სრულად დასრულებული, სისტემა ექსპლუატაციაში გაშვებული და გათვლილი IT სისტემასთან ერთად მუშაობისთვის.

"კონტრაქტორი ვალდებულია დამკვეთის IT, FAS და CCTV პერსონალთან კოორდინაციაზე, რათა ამ სისტემებს არ შეექმნათ პრობლემა მათი ნებისმიერი ტიპის მუშაობაში, რომელიც განხორციელდება შიდა თუ გარე ქსელში.

შენობის მართვის სისტემის სამუშაოები მოიცავს ყველა ტიპის მასალის მოწოდებას: მონტაჟს, გაშვება დარეგულირებას, პროგრამირებას, ყველა სახის ინსტრუმენტებს, დანადგარებს, პერსონალურ კომპიუტერს, პროგრამულ უზრუნველყოფას, ლიცენზიებს პროგრამულ უზრუნველყოფაზე, დაპროგრამირებული წერტილების კონფიგურაციებსა და მათ ბაზებს, ვიზუალიზაციის ინტერფეისს, კაბელირებას, მილგაყვანილობას კაბელებისათვის, მარკირებას, ყველა დეტალის სპეციფიკაციებს, ტესტირებას, ექსპლუატაციაში გაშვება, პერსონალის სწავლება, გარანტიები, ტრანსპორტირება, დროებითი დასაწყობება და სხვა ყველა სახის რაიმე ტექნიკურ თუ ადმინისტრაციულ სამუშაოებს, რომლებიც შესაძლოა არ არის ზემოთ ჩამოთვლილი, მაგრამ საჭიროა სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის", - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "თბილ სახლს" ევალება, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 თვის განმავლობაში დაასრულოს. 

1 764 100 ევრო დაიხარჯება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის გახსნისთვის საჭირო ლიცენზიის და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნულისთვის გამარტივებული შესყიდვა [SMP240002594] საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს [GITA] აქვს გამოცხადებული. 

კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებაზე 120 000 ევრო დაიხარჯება;

5 წლიან ლიცენზიაზე - 1 375 000 ევრო (წელიწადში 275 000 ევრო);

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებში -269 100 ევრო;

ამასთან, შესყიდვის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობის მდგრადობის უზრუნვესაყოფლად აუცილებელია მოხდეს მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება 5 წლის ვადით. ამასთან, 2024 წელს შესყიდვის ღირებულება იქნება 395,000 ევრო, ხოლო მომდევნო წლებში 275,000 ევრო.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ტენდერის გამარტივებული წესით გამოცხადების მიზეზად, აქტივობებისა და პროექტების განხორციელების სპეციფიკაციებს ასახელებს.

GITA-ს ტენდერები ასევე აქვს გამოცხადებული ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) ინტერიერის დიზაინის პროექტირებასა და ჰაბის ტექნოპარკის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე. ამ ორი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 მილიონ 397 375 ლარია. 

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა. 12 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის მინისტრთან და GITA -ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად წარადგინა.

დაპირების მიხედვით, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული პირველი ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. ასევე, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე, თუმცა, კონცეფციის მიხედვით, ცვლილება არ შეეხება ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზს და ის პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს. ცენტრი 2025 წლის შემოდგომაზე უნდა გაიხსნას.

ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. 2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ მმართველი გუნდი, ქალაქს, პარლამენტის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტს ჰპირდებოდა. მათ შორის, საპოლიციო ჰაბის და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. ბოლოს კი (2022 წელს), მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდებოდა.

პარლამენტის გაუქმებით, ქუთაისისთვის სასიცოცხლო ფუნქციის წართმევას ადგილობრივები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. აქტივისტები სხვადასხვა პერფორმანსით ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნებას ითხოვდნენ. ექვსი წლის შემდეგ კი ხელისუფლება, რომელსაც დაპირებების შესრულება არ სჩვევია, ქალაქს ტექნოლოგიურ ჰაბს ჰპირდება.


ამავე თემაზე:

მთავრობა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტის ყოფილი შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გადასაკეთებლად ტენდერებს აცხადებს

ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ნაცვლად - რა მიიღო ქუთაისმა ექვსი წლის შემდეგ











Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.