შუქრუთელები, რომლებიც 200 დღეზე
მეტია პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ,
მედიაციის პროცესით უკმაყოფილოები არიან.
დღეს გამართული შეხვედრიდან გამოსული აქტივისტები ამბობენ, რომ
ხელისუფლებისა და კომპანიის მხრიდან, პროცესის ხელოვნურად
გაჭიანურების განცდა დარჩათ. შუქრუთელებმა ვერცერთ საკითხზე
კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.
"ჩვენი და მათი პოზიციები
აბსოლუტურად განსხვავებულია. კომპანიაც და სახელმწიფოც სხვა
რეალობიდან გვესაუბრება. არ იყო არანაირი კონკრეტიკა. გვრჩება განცდა,
რომ დროის გაწელვას ცდილობენ, რომ როგორმე არჩევნებამდე მივიდნენ.
დაველოდებით კიდევ რამდენიმე შეხვედრას და თუ ვერ დავინახავთ რეალურ
ნაბიჯებს, ისევ ამოვიკერავთ პირს და დავიწყებთ მშრალ შიმშილობას", -
ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე.
კომპანიასა და შუქრუთელებს შორის,
მედიაციის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ხვალ, 17 ოქტომბერს გაიმართება,
პარალელურად, ხვალ, 20 საათზე, პარლამენტის წინ სოლიდარობის აქციაა
დაგეგმილი.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის
მცხოვრებლები შვიდი თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. 11 სექტემბერს
მათ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს, სადაც უწყვეტ
პროტესტს მართავენ. აქციის მონაწილეებს უმძიმე პირობებში უწევთ ღამის
გათენება. პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს.
შუქრუთელებს პირიც ჰქონდათ ამოკერილი და 43 დღის განმავლობაში
შიმშილობდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი
მხოლოდ მას შემდეგ თქვეს, რაც მათთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი
იონათამიშვილი მივიდა და "ჯორჯიან მანგანეზთან" მედიაცია
შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები