ახალი ამბები
"თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, მაშინ ვერ გახდევა ევროკავშირის წევრი"- ჰერჩინსკი
FaceBook
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში მოახლოებულ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

მისი განცხადებით, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება კი იძულებულია საზღვარგარეთ წავიდეს, მაშინ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. 

სწორედ ამიტომ, მან იმედი გამოთქვა, რომ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებს იზიარებს.

"ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს მთავრობას, რომელიც ამ ნორმებს დაიცავს.

ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა,რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის ნორმები, რომლებიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი, რომ იქნება კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე და გაიმართება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით. თუმცა, თუ აღმოჩნდა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს სერიოზული დარღვევები, მაშინ ჩვენგან იქნება შესაბამისი პასუხი. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში ამას არასდროს გამოვცდით",- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰაველ ჰერჩინსკმა აღნიშნა ისიც, რომ იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს წარუდგინა, პირველი ნაბიჯი ანტიევროპული პროპაგანდის შეწყვეტაა, რომელიც კვლავ გრძელდება. 

"სამწუხაროდ, ანტიევროპული პროპაგანდა გრძელდება, თუმცა რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ვინმემ ის, რაც არის ტყუილი, სიმართლე მაინც ერთია: ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების მომხრე. ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია. ის არის მოსკოვში. სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, სწორედ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 2022 წელს და სწორედ რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს, რათა დათესოს ქაოსი მთელს მსოფლიოში",- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

26 ოქტომბერს საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.