ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტში შესული მეოთხე ცვლილების მიხედვით,
ქალაქის მთავარი დოკუმენტის მოცულობა 6 მილიონ 882 000 ლარით
გაიზარდა.
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ნიშნიანიძის
განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მთავრობის განკარგულებებში
განხორციელებულმა გაზრდილმა თანხებმა გამოიწვია.
კერძოდ, მისივე თქმით, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი
თანხის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის წილი 2 450 000 ლარის
ოდენობით გაიზარდა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების
განხორციელებას მოხმარდება:
დაგეგმილია ტყიბულის ქუჩის მე-VI-ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის
მშენებლობა; დავით და კონსტანტინეს ქუჩის პირველი შესახვევის გზის და
კედლის რეაბილიტაცია;
#35-ე სკოლასთან მისასვლელი გზის მშენებლობა; მესხიშვილის ქუჩის
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ახალგაზრდობის მეშვიდე
შესახვევის ბოლო მონაკვეთის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
კიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთიდან, მწვანეყვავილას ქუჩის გავლით,
სანიაღვრე ქსელის მოწყობა; ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე
სანიაღვრე არხის კალაპოტის, არხის გასწვრივ ტროტუარისა და გამწვანების
მოწყობა; ანტონ კათალიკოსის ქუჩის ღვარსადენი ქსელის რეაბილიტაცია;
გორკის ქუჩის #18-თან საყრდენი კედლის მოწყობა; მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების ლიფტებისა და სახლების ფასადების
რეაბილიტაცია.
ამასთან, ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში დაგეგმილია: დები
იშხნელების ქუჩის რეაბილიტაციის ღონისძიება - 250,0 ათასი ლარი;
გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება - 350,0 ათასი ლარი;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნიტურა - 173,1 ათასი
ლარი;
დავით ნიშნიანიძის თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასევე აისახა
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის N2400 განკარგულებით
გამოყოფილი თანხა 1 მილიონი ლარი,
რომელიც მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციას მოხმარდება.
ამასთან, როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა აღნიშნა,
„საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების“ ფარგლებში,
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაემატა ახალი საგრანტე პროგრამა
„EU4ITD - ქუთაისის, როგორც რეგიონის ტურისტული ჰაბის ცნობადობის
ამაღლება შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და მცირე მეწარმეობის
ხელშეწყობის გზით“, რომლის გეგმაც 408,4 ათასი ლარით განისაზღვრა.
გარდა ამისა, „კაპიტალური დანიშნულების გრანტის“ სახით ბიუჯეტში
აისახა 228,5 ათასი ლარი, რის საფუძველზეც „ქალაქ ქუთაისში, ტურისტული
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში გაიზარდა „კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის („ოქროს ჩარდახი“) რესტავრაცია-რეაბილიტაციის“
ღონისძიების გეგმა.
ამასთან, „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“
პროგრამა გაიზარდა 195,1 ათასი ლარით, რომლის ფარგლებში შეირჩევა
ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების
მიერ, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად.
სხვადასხვა სახეობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად
განკუთვნილი ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაციის
ქვეპროგრამის ფარგლებში, გაიზარდა ჩოგბურთის კორტების კომპლექსის
რეაბილიტაციის ღონისძიება 199,0 ათასი ლარით, იგეგმება მე-11 სპორტული
სკოლის რეაბილიტაცია - 500,0 ათასი ლარი.
შემოსულობების კუთხით „ქონების გადასახადი“ იზრდება 1 000,0 ათასი
ლარით, ხოლო „შემოსულობა არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან“ - 1
800,0 ათასი ლარით.
ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა, ამ დროისთვის, 150 მილიონ 882 000 ლარს
შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები