ხელისუფლების მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" იგივე რუსული კანონი რომ საგარეო
უსაფრთხოების საკითხებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამაზე ისაუბრა
"რონდელის ფონდის" მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა.
ის ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტიურ
მოქალაქეებს შეხვდა.
"გვინდა, ჩვენი სათქმელი გითხრათ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით,
ასევე, მოვისმინოთ თქვენი აზრი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე და
ვიმსჯელოთ, მომავალში რა შეიძლება გაკეთდეს, რადგან საქართველოს
მომავალი იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება პოლიტიკური
პროცესები ქვეყანაში", - მიმართა შეხვედრის დასაწყისში ზურაბ
ბატიაშვილმა დამსწრეებს.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყანა ჰგავს ადამიანს: როგორც
ადამიანი ფიქრობს საკუთარ მომავალზე, ყოფაზე, უსაფრთხოებაზეც ასევე
ფიქრობს.
ქვეყანას კი ამისთვის სჭირდება გეზი, სად უფრო უსაფრთხოდ გრძნობს
თავს, რა გარემოში.
"არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რაც საბჭოთა კავშირი
დაიშალა, რუსეთი ჩვენი მტერია, რომლისთვისაც იდეაში მიუღებელია
საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. როცა არის საუბარი, რომ
დაველაპარაკოთ, კი ბატონო, მაგრამ რაზე? ჩვენი სახელმწიფოებრიობის
დაბრუნებაზე დაველაპარაკოთ? რუსეთისთვის იდეალური იქნებოდა, როგორც
საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო - კი, ერქვა საქართველოს საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკა, მაგრამ რა უფლება ჰქონდა ამ რეალობაში, ხომ
ვიცით? - არაფრის. ვინც უფრო ასაკოვანი ადამიანია ახსოვს, რომ
ელემენტარული, დისერტაციასაც ვერ დაიცავდი, თუ მოსკოვიდან თანხმობა არ
გქონდა",- განმარტა ზურაბ ბატიაშვილა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "გამჭვირვალობის" კანონი
გვავალდებულებს პირადი ინფორმაციის მიწოდებას, რაც საბჭოთა კავშირშიც
არ ხდებოდა, რომ ამ უკანასკნელში იურიდიულად მაინც არსებობდა
ადამიანის უფლებები.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ბედი ახლა ჩვენს ხელშია და ის
მოახლოებულ არჩევნებზე წყდება.
"შეიძლება ბევრი პოლიტიკოსი არ მოგვწონდეს, მეც ბევრი არ მომწონს, მათ
შორის ოპოზიციაში, მაგრამ იმაზეც თანახმა ვარ, რომ ერთიანი სია იყოს
და იმ ერთიან სიას მივცეთ ხმა. იმაზეც თანახმა ვარ, რომ ცალ-ცალკე
იყვნენ და იმასაც მივცე ხმა, ოღონდ გადალახონ ის 5%, იმიტომ რომ
ალტერნატივა არ არის. საბჭოთა კავშირში დაბრუნება არავის გვსურს.
მახსოვს ეს საშინელება, როცა ხალხი ჩუმად საუბრობდა, ერთმანეთს
რაღაცას ყურში ჩასჩურჩულებდა, რომ ვიღაცას არ გაეგო, მერე ხმა არ
მიეტანა სადღაც და პრობლემები არ შექმნოდა. არ მინდა ამაში დაბრუნება,
მით უმეტეს, ახალგაზრდებს, რომლებიც დადიან ევროპაში და მთელი
პროპაგანდის მიუხედავად, თითქოს რომ დასავლეთი გვყვრნის და ა.შ.
საკუთარი თვალით ხედავენ, რომ ეს ასე არ არის. თუ ჩვენ იმაზე
ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა
დავაკმაყოფილოთ პირობები",- განმარტა ზურაბ ბატიაშვილმა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ძირითადად ოკუპანტის
ქვეყნისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხს შეეხო.
კითხვაზე: რა ფორმატში შეიძლება ვაწარმოოთ რუსეთთან
მოლაპარაკება, ან საერთოდ თუა შესაძლებელი, ამაზე "რონდელის ფონდის"
მკვლევარმა კიდევ მკაფიოდ თქვა, რომ სანამ რუსეთი ჩვენი ქვეყნის
ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მასთან მოლაპარაკება აზრი არ
აქვს, სტრატეგიული თანამშრომლობა გამორიცხულია. "მშვიდობა ევროპაშია,
ომი კი არის იქ, სადაც არის რუსეთი".
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ
ინტეგრაციაზეც.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
(რონდელის ფონდი), რომელიც 1998 წელს დაარსდა, პოლიტიკის ანალიზის
დამოუკიდებელი ცენტრია, რომელიც მოწოდებულია, ხელი შეუწყოს
საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის
გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის გზით. ფონდის საქმიანობის
მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკურ და
ეკონომიკურ რეფორმებს და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებას.
მასალის გამოყენების პირობები