ქუთაისში, ასათიანის ქუჩის №96-სა და მის მიმდებარედ არსებულ მიწის
ნაკვეთებზე, მაღალი კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის
მშენებლობა იგეგმება.
ჩვენს ხელარსებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე სულ 15 მრავალბინიანი
სახოვრებელი სახლი უნდა განთავსდეს.
საუბარია 79 502 კვ მ (დაახლოებით 8 ჰა-მდე) ფართობის ტერიტორიაზე,
რომელიც 16 მიწის ნაკვეთს მოიცავს, სადაც 5-11 სართულიანი შენობები
უნდა განთავსდეს.
"დაგეგმილი განაშენიანება იქნება ქალაქ ქუთაისში პირველი
თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც
თითოეული საცხოვრებელი სახლისთვის გათვალისწინებული იქნება ღია და
გამწვანებული სივრცეები, სპორტული მოედნები, გამართული გზათა ქსელი და
სახანძრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტი",- ვკითხულობთ
დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის (გამაშენიანების გეგმის) მიხედვით, ასათიანის ქუჩაზე
მდებარე 12 მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ განვითარდება, ხოლო ერთი მიწის
ნაკვეთი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას დაეთმობა.
შენობების პირველი სართულები დატვირთული იქნება კომერციული ფუნქციით
(კომერციული ფართების ნაწილი გათვალისწინებულია კაფე-ბარებისთვისა და
მცირე ზომის რესტორნებისთვის), ხოლო ერთი მიწისქვეშა სართული და
მიწისზედა მეორე სართული გამოყოფილი იქნება ავტოსადგომებისთვის.
ტერიტორიაზე 1007 (სავარაუდო რაოდენობა) მიწისზედა ავტოსადგომის
განთავსება იგეგმება, თუმცა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული,
რაოდენობა, მიწის ნაკვეთებზე არქიტექტურული პროექტის დამუშავების
ეტაპზე, კანონმდებლობის შესაბამისად, დაზუსტდება.
ასეთი უნდა იყოს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი
ასათიანის ქუჩაზე (პირველადი ვერსია, მსგავსი
პროექტი)
საპროექტო ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია გამჭოლი სამანქანო გზების
დაგეგმარება, რომლებიც დააკავშირებს სოხუმის ქუჩას არხის ქუჩასთად.
ასევე, დაგეგმილი გზის მეშვეობით გათვალისწინებულია ნინოშვილის მე-17
ჩიხის გახსნა და დაკავშირება ლ. ასათიანის ქუჩასთან.
დოკუმენტში ხაზგასმით წერია ისიც, რომ ტერიტორიაზე
"მაქსიმალურად უნდა იქნეს შენარჩუნებული არსებული
ხე-ნარგავები, ხოლო მათი მოჭრის ან გადარგვის აუცილებლობის
შემთხვევაში საკითხი შეთანხმდეს შესაბამის სამსახურებთან".
განაშენიანების პროექტის სიცოცხლისუნარიანობის
შეფასებასა და SWOT-ის ანალიზში (სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდი)
აღნიშნულია, რომ ობიექტის მშენებლობის ძლიერ მხარედ მიჩნეულია: კარგი
ლოკაცია საცხოვრებელი უბნისთვის, კონკურენტუნარიანი კონცეფცია და
ძლიერი ფინანსური პარტნიორები. საფრთხეებში კი აღნიშნულია რეგიონში
დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა და ინფლაცია.
დოკუმენტაცია შპს „ლუჯი ჰაუსის“, შპს „ალგა ჯგუფის“, შპს „ჯი ენდ
ჯისა“ და შპს „ქუთაისი დეველოპმენტ გრუპის“ დაკვეთით არის
დამუშავებული. სწორედ ეს ოთხი კომპანია აშენებს ასათიანის ქუჩაზე
საცხოვრებელ კომპლექს. აღსანიშნავია, რომ შპს "ლურჯი ჰაუსი", რომლის
მეპატრონეც მიხეილ ჩუბინიძეა, ასევე აშენებს კინოთეატრ "სულიკოს"
ყოფილი შენობის ადგილას მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და
ამასთანავე, პრესის სახლის ადგილას 5-ვარსკვლავიან
სასტუმროს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩა N 96-ში არსებული მიწის ნაკვეთები
(საკონსერვო ქარხნის ყოფილი ტერიტორია), მერიამ გასული წლის ივლისში
88 050 00 ლარად გაყიდა, მიმდინარე წლის მარტში კი საკრებულომ
აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე
ნებართვა გასცა.
საქართველოს მთავრობამ აუქციონზე 43 მილიონ 746 250 ლარის ღირებულების
24 ობიექტი 2022 წლის ივნისში გაიტანა. მაშინ, საპრივატიზაციოდ
მომზადებული ქონების კატალოგში აღმოჩნდა ასათიანის ქუჩაზე მდებარე
ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანაც, თუმცა აუქციონზე გატანილი
ობიექტებიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა. შედეგად, ქონების ეროვნულმა
სააგენტომ ქუთაისში და მის მიმდებარედ არსებული 23 უძრავი ქონება
გასაყიდად, ელექტრონულ აუქციონებზე განმეორებით გამოიტანა.
მთავარ ფოტოზე: პირველადი ვერსია (მსგავსი პროექტი).
ამავე თემაზე:
ქუთაისში, საკონსერვო ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე,
საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
მასალის გამოყენების პირობები