"იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO)
ხელმძღვანელი მარი დევიძე განმარტავს, რომ აპლიკაციას, რომლის
სახელმაც ქუთაისელების დიდი ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, ოფიციალური
სახელწოდება სულ სხვა აქვს.
საუბარია "გეიარ-გამეიარეზე", რომელსაც მარი დევიძის განმარტებით,
აპლიკაციის ოფიციალურ სახელთან არანაირი კავშირი არ აქვს და მას,
სამუშაო ვერსიაში, უბრალოდ სახალისო ინტერპრეტაციამდე
მივყავდით.
"რაც შეეხება სახელწოდებას, რომელმაც გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, მინდა
გითხრათ, რომ მისი ოფიციალური სახელწოდება არის აბსოლუტურად სხვა.
ინგლისურ ენაზე game - ნიშნავს თამაშს და AR - არის ამ ტექნოლოგიის
სახელი. Game AR-ს იმერულ კილოკავთან მივყავდით და ძალიან სახალისოდ
ვხმარობდით სამუშაო ვერსიაში, რაც, რა თქმა უნდა, არ აისახება
ოფიციალურ ვერსიაში. ამდენად, ღია კარში კაკუნი აღმოჩნდა ეს
ყველაფერი, რაც სამწუხაროა. თუმცა, მეორე მხრივ, ამ აპლიკაციის
შესახებ გაიგო ბევრმა ადამიანმა და იმედი მაქვს, რომ ეს ინტერესი უფრო
პოპულარულს გახდის მას", - განმარტავს მარი დევიძე
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
მისივე თქმით, აპლიკაციაში, რომელიც DMO-მა შექმნა, ტურისტული
დანიშნულების მიზნით, უახლოესი AR (გაძლიერებული
რეალობა) ტექნოლოგია გამოიყენეს, რომლის პრიზმაშიც ამეტყველებული
ქუთაისია.
"ამ აპლიკაციის პრიზმაში, როდესაც ის იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის
და მისი გადმოწერა შეგეძლებათ, კამერის საშუალებით შეგეძლებათ ქალაქში
სეირნობა და პარალელური ქალაქის ნახვა. მაგალითად, შეგეძლებათ, თეთრ
ხიდზე იხილოთ ვანის მუზეუმის არტეფაქტები თავისი წარწერებით
(გეგონებათ, რომ ლაივშია და მოგინდებათ ხელით შეეხოთ). ამასთან, იცით
რომ ლიტერატურული ქალაქის სტატუსი გვაქვს მონიჭებული, ამიტომ
გვინდოდა, გამოჩენილიყო რა ტიპის პოეზია იქმნებოდა ამ ქალაქში,
შესაბამისად, ქალაქის კედლებზე დაიწერება ცისფერყანწელების ტაეპები.
იქნება ისეთი ეფექტები, როგორიაა: დილიჟაბრი ცაში, პეპლები, ჩიტები და
ა.შ. ასევე, რა ძეგლებიც გვაქვს ქალაქში, დაიწერება მათი წარმომავლობა
და სხვა",- განმარტავს მარი დევიძე.
მისივე თქმით, ამ აპლიკაციასთან ერთად, პირველ ქართულ თამაშსაც
წარადგენენ, რომლის ესთეტიკაც მთლიანად ქუთაისზეა აგებული და
სავსეა ქალაქისათვის ნაცნობი, სახასიათო სიმბოლოებით.
"ჩვენ ვამაყობთ, რომ გავცდით ჩვეულ ფორმატებს, კლიპებს და
ვიდეორგოლებს და ჩვენი ქალაქის ტურისტების დაინტერესებას ახალი
ტექნოლოგიებით შევეცადეთ. კარგი იქნება, თუ თამაშს ქუთაისზე
გამოიწერენ, გაერთობიან, თან ქუთაისის კულტურას და მის ესთეტიკას
გაეცნობიან. ეს არის სამნაწილიანი თამაში: პირველში არის არგო,
რომელიც მოძრაობს ტალღებში და ლახავს სხვადასხვა დაბრკოლებას. მეორე
ნაწილში - პიკასოს ბიჭი დარბის მე19- მე-20 საუკუნის ქუთაისში და ისიც
ლახავს დაბრკოლებებს, მესამე ნაწილში კი ოცხელის მფრინავი მღებავია,
რომელიც ღამის ცაში მიიკვლევს თავის გზას",- ამბობს მარი დევიძე.
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ აპლიკაციების
შექმნისთვის ტენდერი [NAT240004538] მიმდინარე წლის თებერვალში
გამოაცხადა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში წერია
DMO-ს დიჯითალ ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ონლაინ
სივრცეში ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით
ესაჭიროება აპლიკაციების შექმნა- თამაში ქუთაისის შესახებ და
გაძლიერებული რეალობა(AR) ქუთაისის არქიტექტურისთვის.
ტენდერში შპს "რეროდევმა" გაიმარჯვა. მას აპლიკაციების შექმნისთვის
100 850 ლარი მიიღო.
ამავე თემაზე:
"ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა"- გიგა შუშანია აპლიკაციის
"გეიარ-გამეიარეს" შექმნაზე
მასალის გამოყენების პირობები