ქუთაისის საერთაშორისო და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების
სტუდენტებმა რუსული კანონის საპროტესტო მორიგი აქცია გამართეს.
ისინი მერვე დღეა გაფიცულები არიან და ლექციებზე შესვლაზე უარს
აცხადებენ.
სტუდენტები დღეს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, მთავარ
კორპუსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ე.წ. გეპეის კორპუსისკენ
გადაინაცვლეს.
"გამოდი", "არა რუსულ კანონს" - ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები
მოსახლეობას მოუწოდებდნენ მათ საპროტესტო მსვლელობას
შეერთებოდნენ.
"დღეს ის სტუდენტები შევიკრიბეთ, რომლებიც ვსწავლობთ ქუთაისში და
არამარტო. მე ამერიკაში ვსწავლობ, მაგრამ ქუთაისელი ვარ, დღეს აქ
ვდგავარ და რუსულ კანონს ვაპროტესტებ. ვფიქრობ, პროტესტს ძალა მაშინ
ენიჭება, როცა განათლებასთან და ინფორმაციის გავრცელებასთან გვაქვს
საქმე. ამიტომ აქცენტი განათლებაზე უნდა გაკეთდეს. ის, რომ სტუდენტები
ლექციებზე არ შედიან, არ ნიშნავს, რომ განათლებას არ იღებენ. აქციები
სხვა სახეს მიიღებს, მინი ლექციები გარეთ ჩატარდება ანუ განათლების
პროცესი გარეთ გამოგვაქვს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ რატომ ვდგავართ
აქ და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ამ კანონის უკან
გაწვევას," - ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ანასტასია
ლელაძე.
აქციის მონაწილეები ე.წ გეპეის კორპუსში ამფითეატრთან გაჩერდნენ,
სადაც სტუდენტურ დისკუსიას მართავენ.
"მსგავსი კანონი ევროპასა და აშშ-შიც მოქმედებს, მაგრამ მანდ კანონს
ჩამკეტი მექანიზმი აქვს და მითითებულია რომელი ქვეყნებიდან მიღებული
დაფინანსება შეიძლება ჩაითავლოს აგენტობად. მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონში კი ეს მითითებული არ არის, ამიტომ კანონი
მეგობრულ ქვეყნებსაც შეეხება. ასეთი კანონი რუსეთში მოქმედებდა და
ამას მოჰყვა არაერთი ორგანიზაციის და კრიტიკული მედიასაშუალების
დახურვა, სამოქალაქო აქტივისტების დევნა და ა.შ." -აღნიშნეს აქციის
მონაწილეებმა დისკუსიაზე.
რუსულ კანონს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე, საბოლოო
მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა. 18 მაისს კანონს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარლამენტმა
უნდა დაძლიოს.
კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს
პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა
სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები