ახალი ამბები
''გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას''-არასამთავრობოები აქციის დარბევაზე
FaceBook
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მესამე სექტორის განცხადებით, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

ისინი სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს მოუწოდებენ, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

''აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო 2 საფუძვლით: (1) არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზეზით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი; (2) ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა. საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, გამოყენებული იყო: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები.

სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. 23:37 საათზე, ხმოვანი გაფრთხილების გაჟღერებს პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, ისე, რომ აქციის მონაწილეებს არ მიეცათ გონივრული ვადა გაფრთხილებაზე რეაგირებისთვის. სპეციალური დანიშნულების რაზმი აგრძელებდა წყლის ჭავლის გამოყენებას გაფრთხილების პარალელურად ან გაფრთხილებიდან რამდენიმე წამის ინტერვალით. გაფრთხილება არ უძღოდა წინ ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენებას (23:21). რაც შეეხება რეზინის ტყვიების გამოყენებას, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი ჟურნალისტთან საუბრისას (ტვ პირველი, 01:41) საერთოდ უარყოფდა რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს, მიუხედავად მედიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური საშუალების გამოყენებას ადასტურებს.

საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს (ტვ პირველი, 02:57) და მშვიდობიან დემონსტრანტებს, სახის არეში, დამიზნებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ახლო მანძილიდან ასხურებდნენ წიწაკის სპრეის. დამიზნებით ისროდნენ, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებსაც. ყოველივე ეს სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს დ სტანდარტებს არღვევს. სპეციალური დანიშნულების რაზმი ერთდროულად იყენებდა რამდენიმე სპეციალურ საშულებას, მათ შორის წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს.

გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელების მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულებზე ზედ წიხლებით დგებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკავებულებს, რომელთა ადგილმდებარეობის დადგენა საკმაოდ გაჭირდა. არც ამჟამად გვაქვს ინფორმაცია ყველა დაკავებულის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რამდენიმე მათგანის შესახლება იზოლატორებში ახლაც მიმდინარეობს,''-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); უფლებები საქართველო (RG); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; ყვარლის ევროკლუბი; სასამართლოს გუშაგი (courtwatch); სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის.

წუხელ, 30 აპრილს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბიეს და მათგან 63 პირი დააკავეს.

პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.