რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც
შეუერთდებიან.
სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დღეს, 15:00 საათზე,
მერიასთან შეიკრიბებიან და ავტოკოლონებით დედაქალაქში
გაემართებიან.
ტრანსპორტირებას, საკვებსა და ღამის გასათევს ემიგრანტები და თავად
მოქალაქეები დააფინანსებენ. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად
წერენ.
„15:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან ვიკრიბებით და მივდივართ თბილისში.
ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მოვიდეს, ტრანსპორტირებას, იქ დარჩენას
ვუზრუნველყოფთ. მოქალაქეები თავად გამოთქვამენ სურვილს, დააფინანსონ
ყველაფერი. ასევე, დაძრულია ხალხი სხვა ქალაქებიდან“,- ამბობენ
სამოქალაქო აქტივისტები.
საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს
უნდა გაგრძელდეს. საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება ისევ არ
ექნებათ ონლაინმედიის აკრედიტირებულ ჟურნალისტებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია, გუშინ, თბილისში, თითქმის მთელი
ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი
გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი
მოქალაქეები წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით
დაშალეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ
მონაწილეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, რუსული კანონის
საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების
ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მიუხედავად ამისა, შსს-ს მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს,
რომ გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული აქციის
მონაწილეები თავად ესხმოდნენ თავს პოლიციელებს და ცდილობდნენ
კორდონების გარღვევას. მისი თქმით, გუშინ 63 ადამიანი დააკავეს -
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობის გამო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები