ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები,
ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
მათი განცხადებით, შეხვედრის თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტი იქნება, რომელიც პარლამენტმა, 17 აპრილს,
პირველი მოსმენით მიიღო.
მათივე თქმით, შეხვედრა გადაიცემა “ლაივ სტრიმის“ მეშვეობით, რათა
ყველა დაინტერესებულმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეძლოს მისი
ნახვა.
„სოციალურ ქსელებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების
მიერ ზიარდება ინფორმაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ,
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს გვსურს მოვისმინოთ თქვენი
რეალური პოზიცია კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ასევე,
გვსურს ვიმსჯელოთ ნამდვილად წაადგება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი
ჩვენს ქალაქს, რეგიონსა და ქვეყანას. ასევე, ვიმსჯელებთ ადგილობრივი
თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობის გაძლიერების
საკითხებზე.
ვთვლით, ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქალაქის
განვითარებისთვის ფასდაუდებელი შრომა გაუწევია და ამ პროცესებში
ხშირად როგორც პარტნიორებს გვითანამშრომლია. ვფიქრობთ, საერთაშორისო
პარტნიორებისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული
სიკეთეები არც თქვენ და არც ჩვენ არ გვაქცევს უცხოური გავლენის
გამტარებელ სუბიექტად.
გთხოვთ, 26 აპრილამდე შეგვატყობინოთ თქვენი პოზიცია შეხვედრასთან
დაკავშირებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს ქუთაისში მოქმედი შემდეგ ორგანიზაციები აწერენ
ხელს:
1. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
(RICDOG);
2. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი;
3. მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი
(EECMD);
4. ონლაინ გამოცემა "ქუთაისიპოსტი";
5. ააიპ "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი";
6. საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge;
7. Breath Georgia;
8. ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
(HEAD);
9. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი";
10. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”
ქუთაისის განყოფილება;
11. რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“;
12. საიას ქუთაისის ფილიალი;
13. სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში";
14. ფონდი "სოხუმი";
15. ტელეკომპანია "მეგა ტვ";
16. საინფორმაციო სააგენტო Newpress. ge;
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
ამავე თემაზე:
რუსული კანონის მხარდამჭერი ქუთაისის მაჟორიტარი
NGO-ებისა და მედიების მოწვევას იღებს
მედიისა და NGO სექტორის წარმომადგენლები ქუთაისის მაჟორიტარ
დეპუტატს შეხვედრაზე იწვევენ
მასალის გამოყენების პირობები