"არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ქუთაისში, ახალგაზრდები და
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, დღეს, საპროტესტო აქციას
გამართავენ.
სტუდენტები ჯერ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით თეატრთან გამართულ აქციას
შეუერთდებიან.
აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია, დღეს, თბილისშიც
გაიმართება.
საერთაშორისო პარტნიორების რჩევის, მოქალაქეთა პროტესტისა და
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის
უმრავლესობამ რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. მას
მხარი 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
ფოტო: ნია ხარაძე
მასალის გამოყენების პირობები