პარლამენტში რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა აქციის ფონზე
მიმდინარეობს.
რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის შენობის უკანა
შესასვლელთან არიან მობილიზებული და აქციას მართავენ.
ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, იგივე
რუსულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტში ამ წუთებში
იხილება.
„რუსებო”, „მონებო”, „გაიწვიეთ კანონი”- სკანდირებენ აქციაზე
შეკრებილები, რომლებსაც პარლამენტთან საქართველოსა და ევროკავშირის
დროშები აქვთ მიტანილი.
პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.
„ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების რჩევის, მოქალაქეთა
პროტესტისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, აპირებს, რომ
კანონპროექტი მიიღოს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
ფოტო: პუბლიკა
მასალის გამოყენების პირობები