ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" კონფერენცია "ნატოს ვარშავის
სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები" ჩატარდა.
კონფერენციაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული
კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, ვარშავის
სამიტამდე მოლოდინების მართვასა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე
იმსჯელეს.
ნატოს ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებელი შეხვედრა უკვე მესამედ
გაიმართა.
"რაც უფრო ახლოვდება ვარშავის სამიტი, ბუნებრივია, ვითარება იცვლება
დინამიურად და ჩვენ ერთი მხრივ, გვინდა, რომ სრული ინფორმაცია
მივაწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ თემებზე მუშაობს, მეორე მხრივ,
მათგან მივიღოთ ინფორმაცია, იმიტომ, რომ ნატოს კონტექსტში ძალიან
ბევრი ღონისძიება ტარდება როგორც სამთავრობო დონეზე, ისე საექსპერტო
დონეზე. თუ ამოცანა გვაქვს ერთი, საქართველო რაც შეიძლება წარმატებული
დაბრუნდეს ვარშავის სამიტიდან, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო
მეტად იყოს გამყარებული ვარშავის სამიტის შემდეგ, მაშინ ჩემი აზრით,
ყველა ამ ადამიანმა, ვინც ამ ამოცანას ვემსახურებით, ერთ ენაზე უნდა
ვისაუბროთ. ცოტა დრო დარჩა სამიტამდე და ბევრი საქმეა გასაკეთებელი ",
- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში არსებული
პროგრესის და პერსპექტების შესახებ აღინიშნა, რომ საქართველოს კარგი
შედეგები და პროგრესი აქვს სხვადასხვა მიმართულებით.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის,
პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, არსებითი პაკეტის განხორცილების
პროცესში, ვარშავის სამიტზე საქართველო კონკრეტული შედეგებით
წარსდგება.
ნატოს მომავალი სამიტის ჩატარების თარიღად გენერალურმა მდივანმა იენს
სტოლტენბერგმა 2016 წლის 8-9 ივლისი დაასახელა, რომელიც პოლონეთის
დედაქალაქში, ვარშავაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები