ახალი ამბები
არასავალდებულო ბიომეტრიული კონტროლი ქუთაისის მერიაში
FaceBook
ქუთაისის მერიაში კონტროლის ამ მექანიზმში უკანონოს ვერაფერს ხედავენ



ქუთაისის მერიაში რამდენიმე დღეა თანამშრომელთა კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი ამოქმედდა. საჯარო მოხელეები უკვე შენობაში შესვლასა და შენობიდან გამოსლას თითის ანაბეჭდით აფიქსირებენ. აპარატი, რომელიც ქუთაისის მერიამ დამატებითი კონტროლისთვის შეიძინა, პიროვნების ბიომეტრიულ მონაცემებს ამუშავებს.

საჯარო და კერძო დაწესებულებებში ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებისთვის განსაკუთრებული გარემოებების არსებობაზე მიუთითებს პეროსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი. უწყების 2015 წლის ანგარიშში წერია:

"საჯარო დაწესებულების მიერ თანამშრომელთა შენობაში შესვლისა და გასვლის კონტროლი (დასაქმებულთა მხრიდან სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის მიზნით), თითის ანაბეჭდის გამოყენებით, ცალსახად ჩაითვლება არაადეკვატურ და არაპროპორციულ საშუალებად. ანაბეჭდის გამოყენებით ფიზიკური შეღწევა მართლზომიერად ჩაითვლება შენობის იმ კონკრეტულ ნაწილში, სადაც ინახება საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია".

უწყებაში ამბობენ, რომ ბიომეტრიული მონაცემების უნიკალურობის გათვალისიწინებით, კანონი ამომწურავად განსაზღვრავს მათი გამოყენების მიზნებსა და ფარგლებს.

"საჯარო დაწესებულების მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნებისათვის. შესაბამისად, ორგანიზაციებმა უნდა დაასაბუთონ, რომ სხვა საშუალებით ვერ შეძლებენ კანონიერი მიზნების მიღწევას"- ნათქვამია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის" მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მიწერილ ოფიციალურ პასუხში.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ერთადერთი დასაბუთება ბიომეტრიული კონტროლის შემოღებასთან დაკავშირებით, არის თანამშრომელთა მიერ საშვის დაკარგვა ან სხვა მიზეზით სამსახურში ყოფნის მომენტში მისი არქონა.

ადმინისტრაციის უფროსი ზვიად ჯავახია ამბობს, რომ მსგავსი აპარატი ბევრ საჯარო დაწესებულებაში მოქმედებს, რაშიც იგი უკანონოს ვერაფერს ხედავს.

"იყიდება ეს აპარატი ყველგან და ჩვენც ვიყიდეთ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა თანამშრომლებს ხან სახლში დარჩათ საშვი, ხან დაეკარგათ. ასეთ შემთხვევებში თუნდაც გამოცხადდნენ სამსახურში, მაინც გაცდენილად ეთვლებათ. ამიტომ შევიძინეთ ეს აპარატი, რაც უფრო მოსახერხებელია მათთვის",-ამბობს ზვიად ჯავახია.

საჯარო დაწესებულების მიერ ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავების მიზნებს ცალკე მუხლი ეთმობა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში. კანონის მე-9 მუხლში ვკითხულობთ:

"ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება კანონით დადგენილი წესით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი პირის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის".

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა" უკვე არაერთ საჯარო და კერძო დაწესებულებას გაუწია კონსულტაცია ბიომეტრული კონტროლის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებასთან დაკავშირებით.

აქვე, აღსანიშნავია, რომ გარდა ბიომეტრიული კონტროლის აპარატისა, ქუთაისის მერიაში თანამშრომლებისთვის მოქმედებს ე.წ. საშვთა სისტემა. კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმის შესახებ კი ინფორმაცია "ქუთაისიპოსტმა" რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. იგულისხმება იმერეთის ვიცე–გუბერნატორის პაატა ნადირაძის მიერ შენობის ყველა შესასვლელისა და დერეფნის ვიდეოკონტროლი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.