ახალი ამბები
კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს მერია არც წელს გეგმავს
FaceBook
ქუთაისში, ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი, რომელსაც ადგილობრივები წლებია ითხოვენ, წელსაც არ განხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობას ძეგლის აღებას ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაპირდა, ის არც წელს შესრულდება. არადა ქუთაისის მერი 2022 წლის ივნისში ამბობდა, რომ რუსეთის სამოქალაქო ომის გმირის ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი იმ სკვერის რეკონსტრუქციის დროს მოხდებოდა, რომელშიც მონუმენტი დგას და რომელიც მის სახელს ატარებს.

იოსებ ხახალეიშვილი იმასაც განმარტავდა, რომ უნდა დაწყებულიყო მსჯელობა იმაზე, თუ რისი ან ვისი ხილვა სურდათ ქუთაისელებს წითელარმიელი რევოლუციონერის ნაცვლად.

მისი ამ განცხადებიდან ორი წლის შემდეგ კი ქუთაისის მერიიდან მოგვწერეს, რომ "კიკვიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბიუჯეტით არ იგეგმება". ამასთან, არ გაგვცეს პასუხი იმაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა 2022 წლის შემდეგ აღნიშნულის განხორციელება. 

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს წლებია ითხოვენ. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც წლების წინ აღნიშნული მოთხოვნა გააჟღერა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია'' იყო. 2015 წელს ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ კი ორგანიზაციის მოთხოვნას ასე უპასუხა: "ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხრა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს".

ძეგლის დემონტაჟისთვის, ,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციის'' ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა მზაობა გამოთქვა, თუ ბიუჯეტს საკმარისი თანხა არ ექნებოდა მის ასაღებად, თავად გაიღებდა 1000 ლარს.

კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით ქუთაისის მერიას წერილობითაც არაერთხელ მიმართეს. გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდანაც მომზადდა რეკომენდიაციათა პაკეტი, რომელშიც ერთ-ერთი საკითხი კიკვიძის ძეგლის აღებას ეხებოდა. ქუთაისის საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის კომისიამ საკითხს მხარი დაუჭირა, რომელიც რეკომენდაციის სახით გაიგზავნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

5 წლის წინ ქუთაისის მერიამ ონლაინ გამოკითხვაც კი ჩაატარა. მაშინ, ძეგლის ადგილზე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მონუმენტის ჩამოსხმა იგეგმებოდა, თუმცა, საბოლოოდ ეს იდეა არ განხორციელდა.

საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, კიკვიძის ძეგლი ისევ იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს ქუთაისში, მისივე სახელობის სკვერში.

ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. იგი ახალგაზრდა ასაკიდანვე ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917-1918 წლებში მონაწილეობდა უკრაინის განმათავისუფლებელი ბრძოლის წინააღმდეგ წარმოებულ შეტაკებებში. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უშუალოდ იყო ჩართული უკრაინის ქალაქ ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.

წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში გასული საუკუნის 60-იანი წლებში განთავსდა, რომელიც მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა შექმნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.