ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩიდან დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული
მედიცინის ეროვნულ ცენტრთან მისასვლელი გზის მშენებლობა იგეგმება.
ამ ტერიტორიის მოწესრიგებას მოსახლეობა წლებია, ითხოვდა, ვინაიდან
აღნიშნული მონაკვეთი ფუნქციურად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია.
კერძოდ, ის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ მდებარეობს და ერთმანეთთან
ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩას აკავშირებს, რომელიც, თავის მხრივ,
წყალტუბოსკენ მიმავალი გზასაც აკავშირებს.
„ბუხაიძიდან დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრამდე მისასვლელი
გზა საშინელ მდგომარეობაშია. გარდა იმისა, რომ გზის საფარი
დაზიანებულია და წვიმისას პალიასტომი ჩნდება, ყოველდღიურად, უამრავ
სასწრაფო დახმარების მანქანას აფერხებს. ამიტომ, რა თქმა უნდა,
მოსაწესრიგებელია, აქამდეც უნდა გაეკეთებინათ“,- განმარტავს ერთ-ერთი
ადგილობრივი.
ბუხაიძიდან ინტენვენციული მედიცინის ცენტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის
მოსაწესრიგებლად 888 584 ლარი (სავარაუდო ღირებულება) დაიხარჯება.
ქუთაისის მერიას შესაბამისი ტენდერი [NAT240003060] უკვე
გამოცხადებული აქვს.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ახალი ასფალტბეტონის ორფენიანი საფარი,
ქუჩის ორივე მხრიდან ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის, სანიაღვრე და
გარე განათების ქსელი, ასევე წყალმიმღები და სათვალთვალო
ჭები. გათვალისწინებულია ტერიტორიის ჰორიზონტალური მონიშვნა და
საგზაო ნიშნების დაყენებაც.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, სამშენებლო სამუშაოები
მოქმედი სტანდარტების, ნორმების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების
სრული დაცვით უნდა ჩატარდეს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს.
დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 23 თებერვალს იწყება და 26-ში
მთავრდება.
ბუხაიძის ქუჩიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან მისასვლელი გზის
მშენებლობის სამუშაოებისთვის საპროექტო‐სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია
შპს „პროჯეკტ კომპანიმ“ შეადგინა, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ
ტენდერში გაიმარჯვა.
ფოტო: ზურა ნემსიწვერიძე
მასალის გამოყენების პირობები