ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და
სამთავრობო პირები, ტრაგედიიდან მეოთხე დღეს ჩავლენ.
მათი ვერტმფრენი ბაღდათის სტადიონზე რამდენიმე წუთში დაეშვება.
ხელისუფლების პირველი პირები ჯერ სტიქიის ზონაში მივლენ და არსებულ
ვითარებას გაეცნობიან, შემდეგ კი იმ ოთხ ოჯახში, სადაც ცხედრებია
დასვენებული და მათ ახლობლებს სამძიმარს გამოუცხადებენ.
ამასთან, დღეს ნერგეეთში სტიქიისას დაღუპულ დედა-შვილს, 86 წლის შურა
რობაქიძესა და 67 წლის ზოია რობაქიძეს დაკრძალავენ.
ბაღდათის სოფელში მეწყერი 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4
საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა.
აქედან მაშველებმა ერთი მამაკაცის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია 9
ადამიანის ცხედარი, აქედან 3 არასრულწლოვანია და ერთი 20 წლის
გოგო.
სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით,
ტექნიკით, მცურავი საშუალებებითა და დრონებით უწყვეტ რეჟიმში
ახორციელებდა. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა
ჯგუფი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ნერგეეთში, რთულ
ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის
ჩასახვა-გააქტიურება, ძირითადად, 5-6-7 თებერვალს მოსულმა უხვმა
ატმოსფერულმა ნალექებმა გამოიწვია.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრი იყო,
მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენდა.
მიწის მასა გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე ჩამოიშალა.
ამავე თემაზე:
ტრაგედიის მესამე დღე ნერგეეთში - მიმდინარეობს
ტერიტორიის გაწმენდა
ნერგეეთის მეწყერული ზონიდან 20-მდე ადგილობრივი
გაიყვანეს
ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია,
მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება
რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული
სააგენტოს განმარტება
მასალის გამოყენების პირობები