საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველოს
ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი
შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30.3%-ით
მეტია.
ამასთან, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.5%, 31-50 წლის მოგზაურების
მიერ განხორციელდა.
საქსტატის ცნობითვე, გასულ წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ
5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან
შედარებით 30.9%-ით მეტია. მათ მიერ 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის
ვიზიტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 75.2% მხოლოდ ტურისტები
იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 20.8% შეადგინა, ხოლო
ვიზიტორების 3.9% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი
რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც
ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა
თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციის
(1.42 მილიონი), თურქეთისა (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი)
მოქალაქეების მიერ განხორციელდა.
ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას
მიეკუთვნებოდა. ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების 40.4%-ს
შეადგენდა.
უწყების ცნობით, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3%) დასვენების,
გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ამასთან, ვიზიტების
უმრავლესობა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში დაფიქსირდა (3.0 მილიონი და
2.7 მილიონი ვიზიტი).
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს განხორციელებული ვიზიტებისას
გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.4 ღამე შეადგინა, რაც წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 13.6%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტების 72.8% განმეორებითი ხასიათის ვიზიტს
წარმოადგენდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას
გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე 20.5%-ით მეტია.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 8.1%-ით შემცირდა და 2
097.4 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები