ახალი ამბები
"ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია იწყება და პროექტი ჯერ არ გასაჯაროვებულა’’
FaceBook
მას შემდეგ, რაც ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე ,,სავანე’’ დაანგრიეს, მგფ ბულვარის რეკონსტრუქციას იწყებს.
სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ბაღის შემოღობვა ისე დაიწყო, რომ პროექტი საჯაროდ არ განუხილავს. ამ საკითხთან დაკავშირებით  "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის  წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა და მგფ-ს პროექტის საჯარო წარდგენა მოსთხოვა.

"თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ტრადიციას, რომ ისტორიული ძეგლების სარეკონსტრუქციოდ რამდენიმე მილიონი ლარი გამოიყოფა და ბოლოს ძეგლები ისტორიულ სახეს კარგავენ, აქაც ვშიშობ, რომ ქუთაისის ცენტრალური ბაღი თავის კულტურულ იერსახეს ვერ შეინარჩუნებს. თეთრი ხიდი გააუბედურეს და დღეს ჟანგის ხიდი უფროა. უკვე მეოთხე ზამთარია გელათში უნიკალური მხატვრობა ნადგურდება. ოქროს ჩარდახისთვის კი იერსახის შეცვლას აპირებენ. იგივე რომ არ განმეორდეს და მილიონები არ გავფლანგოთ, ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი უნდა გასაჯაროვდეს და ქუთაისელებმა თავად იმსჯელონ, როგორი სურთ, იყოს მათი ისტორიული ბულვარი", -  ამბობს გიგა შუშანია.


ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე შენობების რეაბილიტაციისთვის ტენდერი {NAT220025121] მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა 2022 წელს გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების ვალდებულება შპს "დაგმა" აიღო.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით "დაგს" ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების (დაზუსტებული არ არის რომელ შენობებზეა საუბარი) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამის საფუძველზე, სამუშაოების განხორციელება ევალება. აღნიშნულისათვის 14 მილიონ 850 000 ლარია გამოყოფილი. როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, აქამდე სამუშაოების დაწყება ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში განხორციელებული დავების შედეგად,  უკვე  გასული წლის 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრია.

აღსანიშნავია, რომ ,,სავანეს’’ ყოფილი მფლობელები მგფ-ს კორუფციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტში იმ შენობების დემონტაჟზეა საუბარი, რომლებიც ბაღში ფიზიკურად არ არის, ეს კი, მათი თქმით, აჩენს ეჭვს, რომ საქმე ფულის გათეთრებასთან გვაქვს.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის პროექტი ქუთაისიპოსტმა მგფ-დან გასულ წელს გამოითხოვა, რის შედეგადაც ორგანიზაციიდან გამოგვიგვზავნეს ესკიზები, როგორი უნდა იყოს ცენტრალური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ.

იმის გასარკვევად, იმავე ესკიზის მიხედვით განხორციელდება თუ არა ბულვარის რეკონსტრუქცია, ჩვენ მუნიციპალურ განვითარების ფონდთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მგფ-ში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. 

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციას ქალაქის მერია ჯერ კიდევ 6 წლის წინ გეგმავდა. 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, ბულვარს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ ჩატარებია. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.