გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
სამსახურები, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და
ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.
სააგენტოს ცნობით, წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე,
ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი
ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით
განისაზღვრება (რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის
ოდენობა).
ამასთან, უწყების ინფორმაციით, თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს,
პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
„წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია
სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე,
იმპორტირება.
კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში,
რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის
დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე
მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად
გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა
მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის
მერია გასცემს“,- განმარტავენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
სააგენტოს წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას, ნუ მოჭრიან ნაძვს
და სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ.
ნაძვის გაზრდას მინიმუმ 15 წელი სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები