ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს სხდომებს, რომელთა
დასწრების ვალდებულება კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული, რამდენიმე
თვეა არ დასწრებია.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ის მათ კრიტიკულ
კითხვებს და მოქალაქეებთან შეხვედრას თავს არიდებს და
თვეებია „იმალება“.
"გვემალება, არც ორეულს უშვებს და არც თვითონ მოდის, მთელი ეს
თვეებია ვითხოვთ დაგვენახოს. ხან აუდიტის დასკვნებს გვიმალავს. არ
გამოდის, კითხვებს არ პასუხობს, ჩვენ კი არა, აგერ მოქალაქეები დადიან
და ხან წინა შესასვლელიდან ეპარება და ხან უკანა, მათაც არ ხვდება.
ვითხოვთ, გამოჩნდეს, ან ორეული მაინც გამოგვიგზავნოს, რომ შევხვდეთ,
მოვუსმინოთ და კითხვები დავუსვათ“, - განმარტავს საკრებულოს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია.
მისივე თქმით, ქალაქის მერს კრიტიკული შენიშვნების მოსმენა არ სურს და
მხოლოდ დაჯილდოვებებზე დადის, სადაც სიგელებს გადასცემენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, ქალაქის პირველ პირთან შეკითხვები
აქვთ კაფე/ბარე "სავანეს" მეპატრონეებსაც, რომლებიც უკვე ორი თვეა,
მერთან შეხვედრას ითხოვენ.
რატომ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა კაფე/ბარის დანგრევას -
მათ ამ კითხვაზე იოსებ ხახალეიშვილისგან პასუხის მიღება სურთ და ამ
მიზეზით, მერთან შეხვედრის იმედით, საკრებულოს სხდომებს ესწრებიან,
თუმცა მერი სხდომებზე აღარ ჩნდება.
"მერიაში არაერთხელ მივედით, მერთან შეხვედრა გვსურდა, მაგრამ
არ შეგვხვდა", - განმარტავს "სავანეს" ერთ-ერთი მფლობელი
გიორგი ტურაბლიძე.
მერიის პრესსამსახურში კი, საკრებულოს სხდომებზე ქალაქის პირველი
პირის არყოფნას მივლინებით ხსნიან.
იოსებ ხახალეიშვილი ბოლოს მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“
სხდომაზე იმყოფებოდა, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართა და
სადაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი
განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები