ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო.
ერთმანეთს საკრებულოს ,,ქართული ოცნების" დეპუტატები და კაფე-ბარ
,,სავანეს" მფლობელები დაუპირისპირდნენ.
ირაკლი და გიორგი ტურაბელიძეებს საკრებულოს უმრავლობის წევრებთან
ჰქონდათ კითხვა თუ რატომ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა
კაფე/ბარ ,,სავანეს" დანგრევას, რასაც ხმაური და დაპირისპირება
მოჰყვა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ტურაბელიძეებს ზედაპირული პასუხი გასცა და
სასამართლოსთან გადაამისამართა.
"ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, სასამართლოს მიმართეთ," - უთხრა
ირაკლი შენგელიამ ,,სავანეს" მფლობელებს.
კაფე/ბარის მფლობელები სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მათ პასუხი მხოლოდ
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან სჭირდებათ, რადგან ქალაქის
მერი მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად არ ხვდებათ.
,,მერიაში არაერთხელ მივედით, მერთან შეხვედრა გვსურდა, მაგრამ არ
შეგვხვდა", - განაცხადა გიორგი ტურაბლიძემ.
სიყვიერი დაპირისპირების შედეგად ადგილზე დაცვის თანამშრომელი
გამოიძახეს და ძმებ ტურაბელიძეებს საკრებულოს სხდომათა დარბაზი
დაატოვებინეს.
სასამართლო სხდომას არც მერი და არც მისი მოადგილე არ ესწრებიან.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის ,,სავანეს" შენობის
დანგრევის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ
დარინა აბულაძემ 16 ნოემბერს მიიღო. მერიასა და ,,სავანეს’’
მფლობელებს შორის სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.
მერია კაფის დემონტაჟს და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო
დავალიანების გადახდას ითხოვდა. ამ უკანასკნელში მოსამართლემ მერიის
მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’
მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც
სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ
მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ
,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის
სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება.
სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის
მესაკუთრედ მერია აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები