რუმინეთისა და ბრიტანეთის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში
ღონისძიება ,,ნატოს მოძრავი საელჩოები’’ გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სტენდი
ნატოსა და ევროკავშირის
შესახებ. ადგილზე მისულ სტუმრებს ღონისძიების მონაწილე პირები საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებდნენ.
გარდა ამისა, მოეწყო სახალისო ვიქტორინა. დაინტერესებულმა
პირებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ დასმულ კითხვებს
უპასუხეს, გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებაში ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის’’ ოფისიც
მონაწილეობდა.
,,ნატოს მოძრავი საელჩოების'' მიზანს ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა
წარმოადგენს.
,,მიხარია, რომ ამ ღონისძიებას ჩემს რუმინელ კოლეგასთან ერთად
ვატარებ. დღევანდელი დღით ბევრი ადამიანი დაინტერესდა. მოდიან და
ღონისძიებაში მონაწილეობენ. მე მქონდა შეხვედრა სტუდენტებთან,
ვისაუბრეთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. მათი სურვილი
ევროინტეგრაციაა", - ამბობს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ
კლეიტონი.
"ამ ტიპის აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის
გათვლილი კონკრეტულ აუდიტორიაზე და მასში მონაწილეობა ნებისმიერ
მსურველს შეუძლია. ჩვენ ამ სახალისო ღონისძიებით ვცდილობთ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ხალხისთვის მეტი ინფორმაციის
მიწოდებას. გვინდა, ამ საკითხით რაც შეიძლება მეტი ადამიანი
დაინტერესდეს და იცოდნენ რა სიკეთის მომტანი იქნება საქართველოსთვის
,,ნატოში'' გაწევრიანება,’’-ამბობს ,,ნატოსა და ევროკავშირის
საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.
„ნატო-ს მოძრავი საელჩოები“ უკვე გაიმართა გორში, მარნეულში, თელავსა
და ბათუმში.
დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები, საქართველოში ,,ნატოს''
საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას ასრულებენ. ამ მანდატის ფარგლებში
2023 წლის მარტის თვიდან მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია,,ნატოს''
შესახებ, რომელსაც საკონტაქტო საელჩოები მთელი საქართველოს მასშტაბით
მართავენ.
მასალის გამოყენების პირობები