"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა "ქართული
ოცნების" მმართველობის 11 წელი ქუთაისში შეაფასა.
ის სიმბოლურად პარლამენტის ყოფილ შენობასთან მივიდა, რომელიც, მისი
თქმით, ხელისუფლების ბოროტების მონუმენტია და სიმბოლოა იმისა, თუ
როგორ შეიძლება გაანადგურო ქვეყნის ეროვნული ინტერესები და
ქალაქი.
მისივე თქმით, მთავრობის უმოქმედობის შედეგად, ასიათასობით ქუთაისელი
ემიგრაციაში წასული. ამასთან, განადგურებულია გელათის კომპლექსი და
წყალტუბო.
"აღარაფერს არ ტოვებს ივანიშვილი ამ ქვეყნიდან. ბოლომდე ცდილობს რომ
გაანადგუროს. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,
რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში.
მნიშვნელოვანია, რომ დიახ ქუთაისი იქნება მთავარი ქალაქი
საქართველოში. დიახ, საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში.
დიახ, ჩვენი ემიგრანტები უნდა დაბრუნდეს ქუთაისში. დიახ, აუცილებელია
წყალტუბოს განვითარება. უმნიშვნელოვანესია პუტინის ტყვე პრეზიდენტი
სააკაშვილი იყოს თავისუფალი და დიახ, ევროკავშირისკენ ჩვენ უნდა
ვიაროთ სწრაფად. ხოლო ეს ბოროტება, რომელსაც სახელად ქვია ბიძინა
ივანიშვილი და 11 წელია ძარცვავს ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ ერთად
აუცილებლად უნდა დავასრულოთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამომრჩევლებს
სხვადასხვა ქალაქში ხვდებიან.
შენიშვნა: ქუთაისიპოსტი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტივობას
თანაბრად გააშუქებს.
მასალის გამოყენების პირობები