მაღაროელების პროტესტი გრძელდება - თბილისში ჩასულ გაფიცულთა ნაწილი
დღეს მსვლელობისთვის ემზადება.
ისინი, 16:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან "ჯორჯიან მანგანეზის"
ცენტრალური ოფისისკენ, მსვლელობით გადაინაცვლებენ, 18:00 საათზე კი
მშვიდობიან აქციას განაახლებენ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი აქციის მასშტაბები გაგვეზარდა,
გარკვეული რაოდენობა ხალხისა წამოვსულიყავით ჭიათურიდან თბილისში,
მოვსულიყავით აქ, პარლამენტის შენობის წინ, გაგვემართა მშვიდობიანი
აქცია და მიგვეწვდინა ჩვენი სამართლიანი ხმა მთავრობისთვის, რათა
დროულად მიიღონ, კომპანიასთან ერთად, გონივრული გადაწყვეტილება, რაც
ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოშიმშილე ბიჭებისთვის და იმ
ადამიანებისთვის, ვისაც ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული
საკუთარი თავისთვის.
დღეს ვიწყებთ მშვიდობიან მსვლელობას კომპანიის სათაო ოფისთან და იქ
გავაკეთებთ კონკრეტულ განცხადებებს, შემდეგ დავბრუნდებით პარლამენტის
შენობასთან და დავიწყებთ მთავარ აქციას, რომელიც გაგრძელდება დღის
ბოლომდე. არ შევანელებთ მუხტს. გთხოვთ ამისთვის თქვენს მხარდაჭერას,
რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს აქ, რათა დროულად გადაწყდეს ის
პრობლემა, რაც დგას ჭიათურაში. დღეს არა მარტო მაღაროელებს და
სამთოელებს გვიჭირს, არამედ მთელი ქალაქი პარალიზებულია", - განაცხადა
ერთ-ერთმა მაღაროელმა.
გაფიცულები 19 ივნისს პარლამენტის შენობასთან დარჩნენ. მათ
რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს და ღამე საკანონმდებლო
ორგანოსთან გაათენეს.
აქციები გრძელდება ჭიათურაშიც, სადაც გაფიცულთა ნაწილია დარჩენილი.
პროტესტის ნიშნად აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალები ამოიკერა, კიდევ
ერთმა ხელები დაისერა, მანამდე კი გაფიცულმა პირი ამოიკერა.
ისინი ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და აქციები
გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ჭიათურაში პროტესტის მე-15 და შიმშილობის მე-9 დღეა. გაფიცულთა მოთხოვნები უცვლელია: ხელფასების ზრდა
(20%-იანი), სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი ნორმების
დაცვა.
კომპანიაში კი აცხადებენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ წლებია ზარალიანია
და ამ ფონზე თანამშრომლების მხრიდან ხელფასების მომატებაზე საუბარი
ალოგიკურია. ისინი გაფიცულებს სთავაზობენ, გარე აუდიტორულმა კომპანიამ
შეისწავლოს ფინანსური დოკუმენტები და გადაწყვეტილება მას შემდეგ
მიიღონ.
ამავე თემაზე:
„ვბრძოლობთ, რომ ოჯახში მივიტანოთ ლუკმა-პური“-
მაღაროელების პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა
"ხელფასის მომატება ალოგიკურია" - "ჯორჯიან
მანგანეზი“ გაფიცულების მოთხოვნაზე
მასალის გამოყენების პირობები