სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“, რომელიც „ოქროს ჩარდახის“
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, მერიას სასამართლოში უჩივის.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპანიას ჯერ
ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი დააჯარიმა,
„ივერთმშენის“ გენერალური დირექტორი დავას სასამართლოში
გააგრძელებს.
ედიშერ ჯანჯულიასთვის გაურკვეველია, რატომ შეწყვიტა მასთან
თანამშრომლობა მერიამ, მაშინ, როცა ამ უკანასკნელს კომპანიისთვის
სრულყოფილი პროექტიც კი არ მიუწოდებია.
შესაბამისად, იგი არც იმ პირგასამტეხლოს გადახდას აპირებს, რომელიც
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 145 244 ლარის ოდენობით დააკისრა.
„ჩვენ უკვე მივმართეთ სასამართლოს და ვინ რას გადაიხდის, ამას
სასამართლო გაარკვევს. რატომ არ ვმუშაობდით, რა გვაჩერებდა, ამაზე
რატომ არ ფიქრობენ? 900 000 ლარის ღირებულების ობიექტზე 145 000 ლარი
დაითვალეს ჯარიმები. ასეთი რამ არ ხდება არსად“, - ამბობს
კომპანიის დირექტორი.
ქუთაისის მერიამ „ივერთმშენს“ ხელშეკრულება დაახლოებით ერთი კვირის
წინ შეუწყვიტა. შესაბამისი ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოზე 9 ივნისს არის ატვირთული და მიზეზად კომპანიის მიერ
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა. კერძოდ,
გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენა სახელდება.
მხარეებს შორის თანამშრომლობის მერიის მხრიდან ხელშეკრულების
შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ
პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე
გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა
კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ
მოიწონა.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონტრუქცია მიმდინარე წლის
მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების
მოთხოვნით,
საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე
სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ
შეჩერებას ითხოვენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და
რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდება.
იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული
ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც
კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555
ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს
„მნ-პროექტმა“ მოამზადა.
ამავე თემაზე:
მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების
შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა
"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი
წერილი ქუთაისის მერიას
"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები"
- ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ
ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო
ქუთაისის მერია ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციას იწყებს
- ტენდერი გამოცხადებულია
მასალის გამოყენების პირობები