ქუთაისის მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების
შემსრულებელ კომპანია „ივერთმშენს“ ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა,
შემდეგ კი დააჯარიმა.
შესაბამისი ბრძანება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე 9 ივნისს არის
ატვირთული.
ბრძანების თანახმად, მერიამ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის
მეზეზად
გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენა მიუთითა.
ამასთან, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო,
ადგილობრივმა თვითმმართველობამ "ივერთმშენს" ჯარიმის სახით
(პირგასამტეხლო) 145 244 ლარი დააკისრა.
ხელშეკრულების შეწყვეტა მოულოდნელი აღმოჩნდა „ივერთმშენის“ გენერალური
დირექტორისთვის. ედიშერ ჯანჯულია განმარტავს, რომ ისინი
გეგმა-გრაფიკის მიხედვით იმიტომ ვერ ასრულებდნენ სამუშაოებს, რომ
დამკვეთიდან, ანუ მერიიდან, სრულყოფილი პროექტი (რომლის მიხედვითაც
უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები) მიწოდებული არ ჰქონდათ. ის, რომ
კომპანია მერიას გარკვეულ საკითხებში გარკვევას სთხოვდა, ეს
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულ დოკუმენტშიც
ჩანს.
„ჩვენ არ გვქონდა სრულყოფილი პროექტი და ამიტომ ვერ
ვასრულებდით სამუშაოებს. გვიგზავნიდნენ წერილებს, გეგმა-გრაფიკში
ჩამორჩენილები ხართო, ჩვენ ვწერდით, რომ კორექტირებული პროექტი
გვჭირდებოდა და დროულად მოეცათ ოფიციალურად. წარმოიდგინეთ, რომ მასალები შეძენილი, დახერხილი და გამზადებული
მაქვს, ამდენი ხარჯი მაქვს ნანახი, მათ კი ხელშეკრულება გაწყვიტეს. ეს
იყო შოკი, წარმოუდგენელი რამ. ჯერ იყო და მუხა შეგვიცვალეს წაბლით,
დავამზადეთ ნახევარი და მერე გვითხრეს არ შეგიცვლითო. თითქოს
სპეციალურად ეძებდნენ რაღაცას. კატასტროფა იყო, რაც მე ვნახე, ამ ხნის
სტაჟი მაქვს მუშაობის და არ შემხვედრია ასეთი არაფერი. ვფიქრობ, ჩვენი
კომპანია გაწირეს. ასეთი მოქცევის ღირსი არ ვიყავით
ნამდვილად", - განმარტავს ედიშერ ჯანჯულია.
კომპანიაში დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და დავას
სასამართლოში გააგრძელებენ.
მხარეებს შორის თანამშრომლობის მერიის მხრიდან ხელშეკრულების
შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ
პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე
გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა
კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ
მოიწონა.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონტრუქცია მიმდინარე წლის
მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების
მოთხოვნით,
საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე
სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ
შეჩერებას ითხოვენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და
რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდება.
იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული
ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც
კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555
ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს
„მნ-პროექტმა“ მოამზადა.
ამავე თემაზე:
"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი
წერილი ქუთაისის მერიას
"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები"
- ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ
ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო
ქუთაისის მერია ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციას იწყებს
- ტენდერი გამოცხადებულია
მასალის გამოყენების პირობები