ახალი ამბები
ქუთაისში, საგამოფენო სივრცის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც მუზეუმის ნაცვლად მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე უნდა მოეწყოს, აღნიშნულისთვის შედგენილი პროექტი შეიცვლება.

მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ ობიექტის წინა კედლის არამდგრადობა დაადასტურა და ამ დასკვნის საფუძველზე, მერიას ახალი სივრცისთვის გამოსაყენებელი მუზეუმის შენობის დარჩენილი ერთადერთი ფასადის დაშლა მოუწია, დღის წესრიგში აღნიშნული პროექტის რედაქტირება დადგა.


დაინგრევა ერთადერთი კედელიც


ასეთი უნდა ყოფილიყო საგამოფენო სივრცე

თუმცა, ამის მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ობიექტს არქიტექტურული იერ-სახე შეუნარჩუნდება.

"მიმდინარე ეტაპზე დასრულებულია მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის სკანირება და მარკირება, რის საფუძველზეც მომზადდება რედაქტირებული პროექტი. საწყის პროექტში არსებული არქიტექტურული იერ-სახე არ შეიცვლება“,- განმარტავენ მერიაში.

კონკრეტულად რა ცვლილებაზეა საუბარი, ადგილობრივ თვითმმართველობაში არ საუბრობენ.

იმის გამო, რომ მე-19 საუკუნეში აშენებული მუზეუმის ყოფილი შენობის მდგრადობა მერიამ თავიდანვე არ შეისწავლა, პროექტი პირველივე ჯერზე დარედაქტირდა. კერძოდ, თავდაპირველი პროექტის მიხედვით, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე, მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედლის გამოყენებით უნდა აშენებულიყო, ვინაიდან ობიექტის მთავარ არქიტექტურულ ღირებულებას სწორედ ეს ფასადები (დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის) წარმოადგენდა.

თუმცა, როგორც მაშინ მერიაში განმარტეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა არ იძლეოდა სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების შენარჩუნების საშუალებას, ამიტომ, ორივე კედელი დაშალეს. მესამე კედლის მდგრადობის შესწავლა კი, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არქიტექტორი გამოვიდა, შემდეგ კი კედლის მცირე ნაწილიც ჩამოიშალა. ამ კედლის დემონტაჟი ცენტრალურ მოედანზე გუშინ დაიწყო. არადა სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. ახლა, პროექტის შეცვლა, თავის მხრივ, ვადებსაც გაახანგრძლივებს და საგამოფენო სივრცის მოსაწყობად განსახორციელებელი სამუშაოების დასრულების თარიღიც გადაიწევს. 

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი მოხდება.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.

ამავე თემაზე:


მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და იერსახეში აბნეული პროექტი

მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.