ქალაქის ცენტრში მდებარე მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას
მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობა - ვადებში
დაუსრულებელი პროექტების სიას შეემატა.
გარდა ამისა, აღნიშნული, შეიძლება ითქვას, ის ინფრასტრუქტურული
პროექტია, რომლის საბოლოო იერსახეც სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის
შემდეგაც გაურკველია.
მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე, მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე
კედლის გამოყენებით, უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა არც
სამუშაოებია დამთავრებული და ამავდროულად, ერთადერთი კედელიღაა
შემორჩენილი, რომლის არსებობაც ექსპერტიზის შედეგზეა
დამოკიდებული.
ახალი სივრცის მთავარი ხიბლი კი, სწორედ ძველი შენობის ფასადის
იერსახის გამოყენება და ახალ არქიტექტურასთან შერწყმა იყო.
ობიექტის მთავარ არქიტექტურულ ღირებულებას დასავლეთის, სამხრეთისა და
ჩრდილოეთის კედლები წარმოადგენდა, ამიტომაც პროექტის მიხედვით,
რომელიც შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, სამივე ფასადის შენარჩუნება იყო
განსაზღვრული.
„შენობის ძირითად სამ მნიშვნელოვან ფასადს ვამაგრებთ და
ვახდენთ დაკარგული ელემენტების რეკონსტრუქციას, ასევე ამოშენებული
თაღების დემონტაჟს და ღიობის შემავსებლად ვიყენებთ ფანჯრებს, რითიც
ვიღებთ ავთენტურ იერსახეს, რომელიც გაერთიანდება ახალ
აქრიტექტურასთან“, - ვკითხულობთ საპროექტო
დოკუმენტაციაში.
ამ პროექტის მიხედვით,
ასეთი უნდა ყოფილიყო საგამოფენი სივრცე:
დღეის მოცემულობით კი ობიექტს მხოლოდ ერთი კედელი შემორჩა, რომლის
არსებობაც ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"თუ დასკვნის მიხედვით აუცილებელი გახდება ფასადის დემონტაჟი,
მოხდება კედლის დაშლა (და არა დანგრევა), ხოლო ფასადის ახალ კედელში
გამოყენებული იქნება ძველი ფასადის დეტალები და ორნამენტები, ისევე
როგორც დანარჩენი ორი კედლისგან შენახული მასალებისა",
-
აცხადებენ მერიაში.
თუკი პროექტი კიდევ ერთხელ შეიცვლება, ეს იმას ნიშნავს, რომ
თანამედროვე საგამოფენო სივრცის მოსაწყობად, დიდი ალბათობით, მე-19
საუკუნის შენობის დანგრევა მოუწევთ.
პროექტის შეცვლასთან ერთად გადაიწევს სამუშაოების დასრულების თარიღიც,
რომელიც ამ ეტაპზეც გადავადებულია. შპს "ართვინ ჯორჯიამ"
სივრცის მოწყობა აპრილში უნდა დაასრულოს.
გადავადების მიზეზი სამუშაო პროცესში "აღმოჩენილი" "დამატებითი
სამუშაოების საჭიროება" გახდა. ასევე, 6-თვიანი
სამუშაოების შემდეგ
"მოაფიქრდათ" მერიაში შენობის ერთადერთი კედლის მდგრადობის შესწავლა. სინამდვილეში,
ექსპერტიზა ობიექტის წინა
ფასადის ნაწილის ჩამოშლისა და არქიტექტორ ვახტანგ
დვალიშვილის
პროტესტის შემდეგ გახდა
აუცილებელი.
ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი
სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. მას კომპანია "ართვინ ჯორჯია" 4 მილიონ
999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.
ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე
აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ
შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა,
თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.
წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ
ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის
ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების
ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.
ამავე თემაზე:
მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას
სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის
ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი
ჩამოიშალა
"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"-
არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს
ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი
სამუშაოები დაიწყო
რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას,
სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს
მასალის გამოყენების პირობები