ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ალუმნები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს
საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძეს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი
„რუსულ კანონპროექტს“.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული
კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხეს
უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„ბატონო ზაზა, თქვენ ხართ ყველაზე ევროპული ქალაქის ხმა საქართველოს
პარლამენტში. ამიტომ მოგმართავთ, რომ მხარი არ დაუჭიროთ „უცხოური
გავლენის აგენტების" და ამავე სულისკვეთების მქონე ალტერნატიულ
კანონპროექტის ვერსიებს.
ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და
საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს კანონი პირდაპირ
მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც
დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომლის
გასაძლიერებლადაც ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი შრომაა ჩადებული.
ჩვენი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის
გაუმჯობესებისა და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის
ჩამოსაყალიბებლად, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მრავალი პროექტი
შეიქმნა. მათ შორის, არის ქუთაისის დემოკრატიის სკოლა, რომელიც 2012
წლიდან დღემდე ქუთაისში 200-მდე კურსდამთავრებულს ითვლის.
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციები უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს ეხმარებიან, მათ შორის
ქალებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს, დევნილებსა თუ სხვა ჯგუფებს, რომლებიც სარგებლობენ სხვადასხვა
სოციალური სერვისით და ძლიერდებიან.
სამწუხაროდ, ეს კანონი ასევე ეხება მედია საშუალებებს - სექტორს,
რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების
ქვაკუთხედს. სწორედ ეს სექტორი არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტი გაიზარდოს.
და ბოლოს, მოგეხსენებათ, რომ ქუთაისში დონორი ორგანიზაციების
დახმარებით ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორისაა სახელმწიფო უწყებებზე
გაცემული ფულადი გრანტები არაერთი პროგრამისა თუ პროექტისთვის,
რომლებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის, კულტურის, განათლების,
ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სექტორის ხელშესაწყობად. ეს
ხელშესახები შედეგები აისახა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე,
მონასტრებზე უნივერსიტეტებსა თუ სამედიცინო დაწესებულებზე.
ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა კეთდება საქართველოს
მოქალაქეებისთვის დონორი ორგანიზაციების დახმარებით ჩვენს ქალაქში,
რეგიონსა თუ მთლიანად ქვეყანაში. მათი მხარდაჭერილი სამოქალაქო
სექტორის გავლენის აგენტებად გამოცხადება საფრთხეს უქმნის მათთან
სამომავლო თანამშრომლობას და ამ სიკეთეებისთვის სასუნთქი გზების
ჩაკეტვას ნიშნავს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გთხოვთ, ნუ დაუჭერთ
მხარს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც რუსულ საქმეს გააკეთებს
საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რას ფიქრობს აღნიშნულ კანონპროექტზე და როგორია დეპუტატის პოზიციცია,
ამის გასარკვევად "ქუთაისიპოსტმა" ზაზა ლომინაძესთან დაკავშირება
სცადა, თუმცა ის ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები