საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის
ინფორმაციით, ქუთაისსა და ნეაპოლს შორის შესაძლოა, მალე ფრენები
დაიწყოს.
მისი თქმით, აეროპორტების გაერთიანებისა და USAID-ის ეკონომიკური
პროგრამის ერთობლივ სტენდთან, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
მასშტაბურად არის წარმოდგენილი, ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ
დირექტორთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და ნეაპოლს შორის
ფრენების დაწყების შესაძლებლობა და პოტენციური სამომავლო პარტნიორობა
განიხილეს.
"იცით, რომ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით,
რომელიც "ნაპოლის" რიგებში წარმატებით მოღვაწეობს, ნეაპოლისადმი
საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, თამამად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ნეაპოლი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით
მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან და დღეს ნეაპოლის
საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ შესაძლო
სამომავლო თანამშრომლობა. საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი
ტურისტული მიმართულებაა, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ
თანამშრომლობა შედგეს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისივე თქმით, ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები
მიმდინარეობს ბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან Eurowings-თანაც, რომელიც
საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წელს შემოვიდა და ამ ეტაპზე მხოლოდ
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს.
22-24 თებერვალს მაროკოს ქალაქ ტანჟერში ყოველწლიური საერთაშორისო
საავიაციო ფორუმი CONNECT2023 იმართება. რიგით მე-19 ფორუმში 60
ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600-ზე მეტი დელეგატი
იღებს მონაწილეობას.
ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს. ქართულ
დელეგაციას კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს.
სამდღიანი ფორუმის CONNECT 2023 ფარგლებში, რომელზეც აეროპორტების
გაერთიანება USAID-ის მხარდაჭერით არის წარდგენილი, წარმოდგენილი
იქნება სტენდი, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საპრომოციო და ვიდეო
მასალებით. 3 დღის განმავლობაში აეროპორტების გაერთიანებას 20-ზე მეტი
შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ
აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.
მასალის გამოყენების პირობები