საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების
შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.
არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა,
ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი –
სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის,
ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე
ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 164 საარჩევნო უბანი
გაიხსნება.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ამ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია
ელექტრონულ ტექნოლოგიებს დიდი მასშტაბით გამოიყენებს. ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით
კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს. დანარჩენ, 47 საარჩევნო
უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა
აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის
პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული
მხარისთვის.
მასალის გამოყენების პირობები