ქუთაისის მერის განმარტებით, ქალაქში ტრანსპორტის გაძვირება
გარდაუვალი იყო.
„გვესმის, რომ ნებისმიერი რამის გაძვირება რთული თემაა, თუმცა მინდა
ვთქვა, რომ ქალაქში, სადაც ათწლეულები ველოდებოდით მუნიციპალურ
ტრანსპორტს, ჩვენმა გუნდმა შეძლო და მოახერხა, რომ დღეს გვაქვს
განახლებული და კომფორტული სატრანსპორტო კომპანია თავისი ავტობუსებით
და მიკროავტობუსებით.
30 000-მდე ჩვენი თანაქალაქელი სარგებლობს სხვადასხვა სახის
შეღავათით, მათ შორის, ნულოვანი გადასახადით. გვაქვს სატრანსპორტო
პოლიტიკა, თუნდაც ახალი ელექტროტაბლოების დამონტაჟებით, ახალი
სვლა-გეზების შემუშავებით. თუმცა, მინიმალური ზრდა გარდაუვალი
აღმოჩნდა, გამომდინარე სიტუაციიდან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ
ისევ ვაგრძელებთ მუშაობას ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით,
რადგანაც შევძლოთ სატრანსპორტო საშუალებებით ქალაქის სრული დაფარვა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანაქალაქელები სულ მალე ნახავენ წინ
გადადგმულ ნაბიჯებს სატრასპორტო პოლიტიკის განვითარებისა და
განხორციელების საკითხში“, - განმარტა საკრებულოს სხდომაზე იოსებ
ხახალეიშვილმა.
ქუთაისში, მოქალაქეებს ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებული ტარიფის
გახდა უკვე 10 დღეში მოუწევს. ადგილობრივი თვითმმართველობის
გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსი 10 თეთრით, ხოლო მუნიციპალური
ავტობუსებით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა.
მერიაში მგზავრობის
ტარიფის გაორმაგებაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული
წლიდან იყო, თუმცა, საკრებულომ მაშინ მხარი არ დაუჭირა და საკითხის
დეტალურად შესწავლა მოსთხოვა.
ქუთაისში 60 ერთეული ლურჯი ავტობუსები (მუნიციპალური) მერიამ 2020
წელს შეისყიდა და ამისთვის 23 მილიონ 100 400 ლარი 10 წლიანი ვადით
ისესხა.
მასალის გამოყენების პირობები