საინიციატივო ჯგუფ "როდემდეს" წევრებმა ქუთაისის მერიას სანიაღვრე
სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ ერთხელ შეახსენეს.
მათ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ამჯერად ბანერი და
დინამიკი მიიტანეს, სადაც მოქალაქეების კომენტარები იყო ჩაწერილი.
ადგილობრივები სანიაღვრე სისტემების გაუმართაობაზე საუბრობდნენ და
მერიას საკითხის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებდნენ.
„ზღვა დგება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, რადგან სანიაღვრე სისტემა არ
მუშაობს. ანალოგიური პრობლემები გვაქვს უბნებშიც. ცოტა ხნის წინ
გაპონოვზე საპირფარეშო რომ გაიჭედა, ლამის დაიხრჩო ნახევარი
უბანი“
"ერთი გამაგებინეთ რას აკეთებენ, გადათხრიან, გადმოთხრიან უაზროდ.
ვერც თამარ მეფის საფლავი ნახეს და ვერც სანიაღვრე მოაწესრიგეს. არაა
ქუთაისში თამარ მეფის საფლავი, ვეღარ გაიგო ამ მთავრობამ? სხვაგან
მოძებნეთ, ქუთაისს დაანებეთ თავი. ვეღარც მანქანით დავდივართ და ვეღარ
ფეხით მივდივართ. რას ეძებთ ამ მიწის ქვეშ? მიწის ზევით გააკეთეთ, რომ
იმხობა ყველაფერი"
„ყოველი წვიმის შემდეგ წყალი შემოგვდის ეზოებში, სახლებში. რა უნდა
გავაკეთოთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ? გაუსაძლისი მდგომარეობაა,
წვიმის გვეშინია უკვე“- ამბობენ მოქალაქეები.
სანიაღვრე სისტემის პრობლემებთან დაკავშირებით საორგანიზაციო ჯგუფმა
დისკუსიაც გამართა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
მიიწვია, თუმცა შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურის არც ერთი
წევრი არ დასწრებია.
„მოქალაქეთა პრობლემების მოსასმენად და პასუხების გასაცემად არავინ
მოვიდა, ამიტომ მერიასთან მოვედით და აქ მოვიტანეთ ხალხის ხმა"-
ამბობს „ქუთაისი პოსტთან“ „როდემდეს“ წარმომადგენელი.
მისივე თქმით, აუცილებელია, მერიამ ბიუჯეტის შედგენისას პრიორიტეტები
სწორად დაალაგოს და პრობლემატური საკითხების მოსაგვარებლად უფრო მეტი
თანხა გამოყოს.
"ქუთაისი ყოველი წვიმის დროს იტბორება, ადგილობრივი თვითმმართველობა
კი ამას ყოველთვის მიაწერს სტიქიას, ნალექს და არ ამახვილებს
ყურადღებას სანიაღვრეების ცუდ მდგომარეობაზე. სანიაღვრეები
ამოვსებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენით და არ იწმინდება.
ამასთან, სხვადასხვა უბანში არასწორადაა დამონტაჟებული. მაშინ როცა
ქუთაისის ბიუჯეტში ვკითხულობთ რომ ეს მიმართულება პრიორიტეტია,
მოვითხოვთ, ეს პრიორიტეტულობა პრაქტიკაშიც გამოიხატებოდეს და
სანიაღვრე სისტემების პრობლემას მიექცეს ყურადღება. გამოიყოს მეტი
თანხა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად "- აცხადებს სამოქალაქო
აქტივისტი.
"როდემდე?!" ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფია,
რომელიც ქალაქში დასუფთავებისა და სანიაღვრე ქსელთან დაკავშირებულ
პრობლემებზე მუშაობს.
ავტორი: ქეთი გელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები